“ქართული ოცნება” არ გეგმავს ბარიერის დაწევას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” არ გეგმავს ბარიერის დაწევას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. უფრო ადრე, 12 ნოემბერს, საქართველოს ერთპარტიული მმართველობიდან გამოსვლის საჭიროების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა RFI-სთვის (Radio France Internationale) მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა RFI-სთვის (Radio France Internationale) მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან, მიუხედავად მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც, საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად.
“მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა სამწუხაროდ, ოპოზიციას ბევრი რამ აქვს არეული, მათ შორის, კალენდარიც. ყველას კარგად ახსოვს, საარჩევნო ბარიერზე ნათქვამი იყო შარშან, 2022 წლის ივლისში და ეხებოდა 2022 წლის დეკემბერს. ახლა გვაქვს 2023 წელი. კალენდარში უნდა ჩაიხედონ, შარშანდელ თოვლს ნუ ეძებენ წლევანდელ დეკემბერში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა იმ კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც: „ოპოზიცია ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითხოვს და იხსენებენ ირაკლი კობახიძის განცხადებას, კანდიდატის სტატუსს დეკემბერში თუ მოგვცემენ, არჩევნები 2-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება“.
პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უსუსურია ოპოზიცია. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ოპოზიციის მოთხოვნას არანაირი შინაარსი არ აქვს.
„მათ ჰქონდათ შანსი. „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის, პატარა პარტიებს მისცა შანსი, ერთპროცენტიანი ბარიერით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში და გაძლიერებულიყვნენ, ეჩვენებინათ ამომრჩევლისთვის საკუთარი, ინდივიდუალური დღის წესრიგი, ამით გაეზარდათ მხარდაჭერა ან გამსხვილებულიყვნენ და ეძებნათ პარტნიორები სხვა პარტიებში, გაერთიანებულიყვნენ და აქედან გამომდინარე გასულიყვნენ შემდეგ 5-პროცენტიანი ბარიერით, რომელიც, უკვე წლებია, კონსტიტუციაში წერია. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა, დღეს, ფაქტობრივად, გადასული არიან თხოვნაზე, იქნებ რამენაირად დაუწიონ ბარიერი, რომ კიდევ ერთხელ წახალისდეს მათი საქციელი. არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს. 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, დიდი ხანია, ყველამ კარგად იცის, რომ ბარიერი არის 5%-იანი. მოემზადონ ამ არჩევნებისთვის და თან ისიც განგვიმარტონ, როგორ ეთანხმება ერთმანეთს, რომ, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ისინი იგებენ, მოდიან ხელისუფლებაში და, მეორე მხრივ, რითი იგებენ, 3 პროცენტით აპირებენ ქვეყნის მართვას?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ვინ მოხვდება პარლამენტში, ეს დამოკიდებულია პარტიების აქტიურობაზე, ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაზე.
„„ქართული ოცნებისთვის“ არცერთი ბარიერი პრობლემა არ არის. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერით „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა და, სხვათა შორის, მაშინ რომ ყოფილიყო სრულად პროპორციული არჩევნები, მაინც უმრავლესობას მოიპოვებდა „ქართული ოცნება“ იმ 1%-იანი ბარიერით. პრობლემა არის ოპოზიციაში, რომ მათ, სინამდვილეში, არ სურთ, ხალხს დაანახონ საქმე, მათ სურთ, რომ იყვნენ პარლამენტის წევრები, ჰქონდეთ კაბინეტები და ა.შ. ატყობენ ხოლმე, რომ არ არიან იმ პირობებში, მიიღონ მხარდაჭერა და ცდილობენ, რაღაცნაირად დააწევინონ ბარიერი. არასერიოზულია, არ მინდა, დამაკნინებელი ტერმინები გამოვიყენო, მაგრამ როდესაც პარტია, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს და შემდეგ აღმოჩნდება, თურმე 3%-ის იმედად არიან ეს პარტიები, უკვე აჩვენებს, რამდენად არასერიოზულია მათი საქციელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, 5 პროცენტი არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში კონსტიტუციაში, უკვე წლებია, წერია.
„ყველას მოვუწოდებ, გადაშალოს კალენდარი და დაფიქრდეს, რა განსხვავებაა 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის დეკემბერს შორის. ალბათ ამოიკითხავს პასუხს ამ მარტივ კითხვაზე. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათქვამი იყო მარტივი სიტყვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება – და ამას ხომ თავისი შინარსი ჰქონდა, აქ საკითხი იყო არა ბარიერზე, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება და კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას – დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ ჯანჯღარის ერთი დამატებითი წელი და მომავალ წელს რა მოგველის, შევხედოთ. მგონი, ოპოზიციას არაფერი ეტყობა, რომ ისინი მზად არიან, რადიკალური დღის წესრიგიდან გავიდნენ. 5 პროცენტი არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში, მათ შორის, კონსტიტუციაში, უკვე წლებია, წერია და მოწონებული არის საერთაშორისო დონეზეც. ვენეციის კომისიის დასკვნაც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მგონი, შეუსაბამოა. პარტიებს თუ აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგენენ ხალხს და უნდათ, ქვეყანა მართონ, იმის იმედიც უნდა ჰქონდეთ, რომ რამდენიმე ათას ხმას მიიღებენ. პრობლემები ეძებონ საკუთარ თავში. წინ კიდევ არის ერთი წელი, არის დრო, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ იყვნენ, გამოიჩინონ ინდივიდუალობა, ნაცვლად იმისა, რომ გაემიჯნონ ერთმანეთს, გაერთიანდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის კიდევ ერთი წევრი მმართველი პარტიიდან, ანრი ოხანაშვილი, ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აქტიურობა ბარიერის დაწევაზე, მათ მდგომარეობაზე მიუთითებს.
“ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ”, – თქვა მან.
ოპოზიციური პარტიის, “ლელოს”, ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი მიზანი არა ბარიერის გადალახვა, არამედ ხელისუფლების შეცვლაა:
“ეს რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის მათი სტილი და სახე – სიტყვის გატეხა, პირობის გატეხა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ეს აბსოლუტურად ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, დამარცხდება დამაჯერებლად და ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას, დაიბრუნებს თავის სახელმწიფოს”.
ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით “საკითხი დახურულია”. ღუდუშაურის მტკიცებით, “არასდროს ყოფილა, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტს მაღალი ხარისხი ეჩვენებინა”.
ღუდუშაური ირწმუნება, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა “დესტრუქციულ ჯგუფებს მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტი გადააქციონ პოლიგონად”, რასაც მისივე თქმით, უმრავლესობა “არ მიესალმება და არ დაუშვებს”.
“ბარიერთან დაკავშირებით – ეს საკითხი არის დახურული და მე მგონი ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები, პოზიციები, რომლებიც მაგალითად 1 წლის უკან იყო ამასთან დაკავშირებით. ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ შეიძლებოდა ამაზე მსჯელობა, ოღონდ ეს იყო, თუ მაგალითად, ეს მოხდებოდა 2022 წელს. ერთ-ერთ წინაპირობად ჩვენგან იყო დასახელებული, რომ რადიკალურ ოპოზიციას, დესტრუქციულ ოპოზიციას უნდა დაეწია ტემპერატურისთვის და ფოკუსი უნდა გაესწორებინა არა არეულობაზე, საბოტაჟზე, არამედ ქვეყნის ინტერესებზე, რაც ბუნებრივია მათგან პირიქით განხორციელდა. […]
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით, არასდროს ყოფილა, რომ როდესაც დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტი რაიმე სახით აჩვენებდა მაღალ ხარისხს სახელმწიფოს, შესაბამისად, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ პარლამენტი იყოს საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და არა ვიწროპარტიულ და ანგაჟირებულ საკითხებზე. თვალნათლივ ვხედავთ, რომ ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ რადიკალურ და დესტრუქციულ ჯგუფებს მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტი გადააქციონ პოლიგონად, საცირკო წარმოდგენად, რასაც ჩვენ ბუნებრივია არ მივესალმებით, ვერ დავუშვებთ. […] ეს საკითხი არის დახურული და ამ საკითხზე საუბარი უკვე არის წარსული”, – აცხადებს ღუდუშაური.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკომისიის დათქმა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, რა თქმა უნდა, შესრულდება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ტარდება.
„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. 2024 წლის არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება.
„არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე? ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანაა „ქართული ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად, ამიტომ ჩვენ გაცილებით დიდ ამოცანებს ვისახავთ, ვიდრე 5%-იანი ბარიერია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს თავის სახეს, რადგან პირველად არ ხდება, როცა ის დაპირებას არღვევს.
„ჩვენ არაფერი გვეცვლება სამოქმედო გეგმაში, ჩვენი ამოცანაა, დამაჯერებლად იქნას დამარცხებული „ქართული ოცნება“ 5%-იანი ბარიერის პირობებშიც, რის შედეგადაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული, კოალიციური მმართველობა და ქვეყანა დაიწყებს ევროკავშირში ინტეგრირებას. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის მათი სტილი, მათი სახე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ეს ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, რომ „ოცნება“ დამარცხდება და ქართველი ხალხი ძალაუფლებას ხელში აიღებს და დაიბრუნებს თავის სახელმწიფოს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ კეთილი ნების იმედი არავის უნდა ჰქონდეს, ამიტომ აუცილებელია ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობა საერთაშორისო საზოგადოებრიობის. ჩვენ ვხედავთ, რომ სრული მზადყოფნაა ევროკავშირის მხრიდან, ასევე შეერთებული შტატების მხრიდან იმისათვის, რომ დაიწყოს დაკვირვება პროცესზე უკვე ახლა და ეს არ იყოს მხოლოდ არჩევნების დღეს, რადგან „ქართული ოცნება“ აყალბებს არჩევნებს არჩევნების დღემდე, როდესაც ის ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე, ხდება ხმების მოსყიდვა, მისი კოორდინატორების ინსტიტუტი არის მობილიზებული, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მათი ხმები კონტროლდება. ეს არის მთელი ინსტრუმენტები, რომლებიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“ და რომლებსაც ის გამოიყენებს, თუ ამაში ხელი არ შევუშალეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, აუცილებელია უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა ქვეყანაში.
„ჩვენ შეთანხმებული ვართ საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან, შეთანხმებული ვართ ჩვენს მეგობრებთან, რომ აუცილებელია უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა ჩვენ ქვეყანაში, ყველა დარღვევის საჯაროდ გამოტანა, მხილება „ქართული ოცნების“, როდესაც ისინი თავიანთი ჩვეული სტილით შეეცდებიან, რომ წინასწარ განსაზღვრონ და გააყალბონ არჩევნები. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს, იმავე დარღვევებით ჩაატაროს არჩევნები, როგორც გასული არჩევნები იყო. შესაბამისად, ახლა ჩვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი, იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ადამიანმა უნდა ირწმუნოს, მისი ხმა იქნება გადამწყვეტი და დაცული იქნება, ამას ვერავინ განსაზღვრავს და ვერავინ გააკონტროლებს. ჩვენი მეგობრები იქნებიან ქართველ ხალხთან ერთად და არ მისცემენ საშუალებას „ქართულ ოცნებას“, რომ გააყალბოს არჩევნები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ქართული დემოკრატიისთვის უკეთესია, საარჩევნო ბარიერი დაბალი იყოს. „ქართულ ოცნებას“ სურს, ყველა გადააგდოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ელისაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას: „დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ბარიერის დაწევაზე. თქვენ რა პოზიცია გაქვთ?“
ალეკო ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, მომავალ პარლამენტში ოპონენტად მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ჰყავდეს.
„ხვეწნას არ დავუწყებ, მაგრამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ უპირო და გადამგდები პოლიტიკური ძალაა, რადგან ჩვენთან მემორანდუმი ჰქონდათ გაფორმებული და ამის საფუძველზე დაბალი ბარიერის შემოღება უნდა მომხდარიყო. შემდეგ მიშელის შეთანხმებაში პირდაპირ ეწერა, რომ ბარიერი უნდა დაწეულიყო. მათი საჯარო დაპირება იყო, რომ სტატუსს თუ მოგვცემდნენ, ბარიერს დაწევდნენ. ამ მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე პირველი მოსმენით მივიღეთ. „ქართულ ოცნებას“ სურს, ყველა გადააგდოს, რაც არავის გაგვიკვირდება. სურს, მომავალ პარლამენტში ოპონენტად მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ჰყავდეს, რადგან იდეალური საჩუქარი და ოპონენტია.
„ნაცმოძრაობამ“ რაზეც არ უნდა აკრიტიკოს „ქართული ოცნება“, ყოველთვის ცხრა წელს შეახსენებს, როცა უამრავი საძაგლობა აქვთ გაკეთებული. ამისთვის სჭირდება, რომ პარლამენტში სხვა პოლიტიკური ძალები არ იყვნენ, რომლებიც შეახსენებენ, რომ ღარიბაშვილმა თვითმფრინავი მარშუტკასავით გაიგდო და შვილი უნივერსიტეტში თვითმფრინავით წაიყვანა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუბრუნდნენ და უარესები უთხრეს. არ გამახსენოთ, სააკაშვილი თვითმფრინავით რა წარმომავლობის და შინაარსის ქალებს დაარბენინებდა, მაგრამ ამას მე ვერ მეტყვიან. არც ის მომწონდა, სააკაშვილი ჩვენი ფინანსებით ქალებს რომ დაარბენინებდა და არც ეს მომწონს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა პრობლემა არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“ ბარიერის დაწევა, შესაძლოა, აწყობდეთ, რათა თავიანთი სატელიტები გაიყვანონ 2024 წლის არჩევნებზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„ნორმალიზებულ გარემოში და კარგ პირობებში, რა თქმა უნდა, დაბალი ბარიერი ქმნის პლურალისტური პარლამენტის შექმნის წინაპირობას. ამიტომ თუკი ეს საკითხი გამოვა კენჭისყრაზე, ჩვენი გუნდი ამას მხარს დაუჭერს. თუმცა, როგორც გითხარით, „ოცნებისთვისაც“ და „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ ბარიერის დაწევა კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ საკუთარი სატელიტები შეიყვანონ პარლამენტში.
მესმის, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ბარიერის დაწევას ითხოვს, ითხოვს იმიტომ, რომ პლურალისტური პარლამენტი უნდა იხილოს და ეს კარგია, რადგან ნორმალურ პირობებში ეს ასეც უნდა მუშაობდეს, მაგრამ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, „ოცნებამ“ რომ გადაწყვიტოს, მოდი, ახლა ბარიერი დავწიოთ, როგორ ფიქრობთ, იმისთვის გადაწყვეტს ამას, რომ კარგი პარლამენტი გვქონდეს 2024-ში? რა თქმა უნდა, არა. მისი ინტერესი იქნება საკუთარი სატელიტების შეყვანა და უმრავლესობის შენარჩუნება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მძიმე მდგომარეობაშია და მათაც იგივე ინტერესი აქვთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ხელისუფლებას პროდასავლური მომავალი მართლა თუ სურს, მაშინ საარჩევნო ბარიერი უნდა დაწიოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ბარიერის დაწევაზე. თქვენ რა პოზიცია გაქვთ?“
ხატია დეკანოიძის თქმით, საარჩევნო ბარიერი თუ არ დაიწევა, ამით პარტიებს ავტომატურად უბიძგებენ გაერთიანებისკენ.
„თანამშრომლობა ეფემერულ ერთობას არ ნიშნავს. აკრძალულია ბლოკები და არსებობს ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ხელისუფლებას პროდასავლური მომავალი მართლა თუ სურს, მაშინ ბარიერი უნდა დაწიოს. ბარიერის დაწევა იქნება მრავალფეროვანი პარლამენტის და სხვადასხვა ძალის წახალისება, შემდეგ უკვე ზუსტად კოალიციური ხელისუფლების შეკვრა პროდასავლური ძალების მიერ. ბარიერი თუ არ დაიწევა – და როგორც ჩანს, ხელისუფლებას ასეთი განზრახვა აქვს – მაშინ ალბათ სხვადასხვა ცენტრის შექმნა აუცილებელი იქნება.
შარლ მიშელის შეთანხმებაში საარჩევნო ბარიერი იყო ორი პროცენტი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საგზაო რუკა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო, მათ შორის, დემოკრატიის კუთხით. ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველოს ცხრა საფეხური აქვს გასავლელი და ერთ-ერთი საფეხური დემოკრატიას ეხება. დემოკრატია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება არსებობდეს და პარტიებს მართლაც ჰქონდეთ გამოკვეთილი საკუთარი მოსაზრება, იდენტობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ პარტიებს ავტომატურად ვუბიძგებთ გაერთიანებისკენ.
„ქართული ოცნების“ სურვილია, მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახოს ბარიერი და ორპარტიული პარლამენტი იყოს, რაც გაცილებით უარეს სურათს ნიშნავს. უნდა გავიხსენო „ქართული ოცნების“ განცხადებები, ამბობდნენ, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ განიხილავდნენ ბარიერის დაწევას. ესეც არ არის ამოსავალი წერტილი. ოპოზიცია თუ მოინდომებს და ალტერნატივას აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ შეუნარჩუნებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კითხვაზე, ოპოზიცია ბარიერის დასაწევად ერთობლივ მოქმედებას ხომ არ გეგმავს, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა:
„კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინაც მნიშვნელოვანი იყო საუბარი ბარიერის დაწევაზე. ეს საკითხი შარლ მიშელის შემდეგ არსებობს. პარტიების მიერ დაგეგმილ კამპანიაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ერთი წლის წინანდელი დაპირება, რომ სტატუსის მიღების შემდეგ საარჩევნო ბარიერი დაიწევდა, როგორც ჩანს, არ შესრულდება. კობახიძემ 2022 წელს 7 ივლისს თქვა, რომ მას შემდეგ, რაც დეკემბერში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, მიიღებდნენ კანონს, რომ 2024 წლის და შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით ჩატარებულიყო.
“ოცნების” დეპუტატები დღეს ამბობენ, რომ სტატუსის მისაღებად ოპოზიციამ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლა, შესაბამისად, ბარიერის დაწევის დაპირება ძალაში აღარაა.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, 5-პროცენტიანი ბარიერით. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საარჩევნო ბარიერის გადალახვას მხოლოდ რამდენიმე პარტია შეძლებს, მათ შორის “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”.