მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება” დათმობაზე მიდის

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ზეწოლის შემდეგ, “ქართული ოცნება” დათმობაზე მიდის. კანონპროექტში, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს შეზღუდვები პარლამენტის გარეშე დააწესოს, ცვლილებები შედის.

აღმასრულებელ ხელისუფლებას შემზღუდავი ნორმების დაწესების უფლება არა უვადოდ, არამედ დროებით შეეძლება. საკანონმდებლო ორგანოში პროექტი პირველი მოსმენით სწორედ ამ ცვლილებების შეტანის დათქმით მიიღეს.

საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით ანტიკონსტიტუციურია. ისინი გუშინდელ განხილვაზე, მისი მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასაც არ გამორიცხავდნენ.

“ძალიან დიდი ზეწოლის, ჩვენი არგუმენტების, არასამათვრობოების, საზოგადოების მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად ხელისუფლებამ უკან დაიხია და ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა. მიხვდნენ, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური პროექტი”. – ამბობს რომან გოცირიძე.

“ის ანტიკონსტიტუციურია და მისი მიღება არაფრით არ შეიძლება იმიტომ, რომ აღმასრულებელ ხელსიუფლებას არ შეიძლება ჰქონდეს უპირობოდ ასეთი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის საშუალება”. – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მოისმინეთ “ნაციონალური მოძრაობიდან” რომან გოცირიძის და “ევროპული საქართველოდან” ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებები.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ისინი დათმობაზე წავიდნენ, რადგან ადგილი არ ჰქონოდა პოლიტიკურ სპეკულაციებს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონში შეზღუდვების კონკრეტული ვადა ჩაიწერება.

“ეს ნორმა ჩვენ შემოვიტანეთ მსჯელობის შედეგად, მაშინ, როცა დარბაზში უკვე ოპოზიცია აღარ იმყოფებოდა”. – აცხადებს ხუნდაძე.

მოისმინეთ “ქართული ოცნებიდან” დიმიტრი ხუნდაძის და ირაკლი კობახიძის ხმები.

პარლამენტმა ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი დღეს უნდა უყაროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button