მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართული ოცნება“ გეგმავს, შსს-ში უჩივლოს მათ, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ გეგმავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლოს მათ, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რეაგირებისთვის გამოიყენებენ 2025 წლის თებერვალში მიღებულ კანონს.

„სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ყოველდღიურად თვალს ადევნებს რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კარგად ორგანიზებულ ზიზღისა და ტერორის კამპანიას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ორგანიზებული ტერორის უკიდურესი ფორმები უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების, უცხოელი დონორების და, რიგ შემთხვევებში, პირდაპირ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერაა წახალისებული.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მიერ ყველა პოლიტიკურ დონეზე არაერთი მაღალი ტრიბუნიდან არაერთხელ გაკეთდა მოწოდება შესაბამისი დონორებისა და კონკრეტული საელჩოების მიმართ, მკაცრად დაგმობილიყო ორგანიზებული ტერორის კამპანია, პასუხად ცინიზმი და ექსტრემიზმის წახალისება მივიღეთ. შედეგად, აღარ არსებობს ზღვარი სიტყვიერ კრიტიკასა და სისტემურ სიძულვილს შორის, რისი მიზანიც სახელმწიფოს სუვერენიტეტის და მისი ძირითადი ინსტიტუტების სტაბილურობის შერყევაა.

ამის პასუხად ჩვენი გუნდის პოზიცია იყო და არის პრინციპული. სიძულვილის ენა – იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი.

უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

შესაბამისად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე. კირცხალიამ და ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად დასძინა, რომ საჩივარი ეხება სოციალურ ქსელებში „უბინძურეს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“.

მან არ დაასახელა კონკრეტული ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩივილს აპირებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დაკანონებული მოცემულობა არ უნდა იყოს, ქართული ენა სრულ შესაძლებლობას იძლევა, ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო სივრცეში ადამიანის შეურაცხყოფაზე რეაგირება უნდა მოხდეს.

„სიძულვილის ენის, უარგუმენტო, ცილისწამების და პირდაპირი შეურაცხყოფის გამოყენება ხდება, რომელიც საქართველოში დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. ადამიანისთვის საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენება წესი და დაკანონებული მოცემულობა არ უნდა იყოს. შესაბამისად, აუცილებელია, ამაზე რეაგირება მოხდეს. ქართული ენა მდიდარია და სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს. ამიტომ კეთილი ინებონ და ის ადამიანები ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პროევროპული აქციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სადავო პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლითაც პოლიტიკური თანამდებობების პირების, საჯარო მოხელეების, პოლიციელების შეურაცხყოფა ისჯება. კანონის მიღების შემდეგ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან მსგავსი გამოხატვა ისჯება 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმით ან 45 დღემდე პატიმრობით.
ეს კანონი უკვე გამოიყენა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიას თანაგუნდელმა მარიამ ლაშხმა. 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ ქალს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა. ამ კანონზე დაყრდნობით შსს-ს მიმართეს დავით მათიკაშვილმა და ირაკლი ზარქუამაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button