მნიშვნელოვანისიახლეები

ქართული ოცნება რუსულ კანონზე კრიტიკული დასკვნის შემდეგ ვენეციის კომისიის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა "რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია"-ოცნებას აკრიტიკებენ

ქართული ოცნება რუსულ კანონზე კრიტიკული დასკვნის შემდეგ ვენეციის კომისიის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
პარტიის ოფისში განცხადება ოცნების ერთ-ერთმა წევრმა სალომე ქურასბედიანმა გააკეთა, რომელიც კომისიას თავს დაესხა და თქვა, რომ ეს დასკვნა კომისიის რეპუტაციას აზიანებს
გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა „უცხოური გავენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.
„ქართულ ოცნებაში“ ვენეციის კომისიის შეფასებას „პარადოქსულს“ უწოდებენ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ.
ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს.
ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“, – აცხადებს ის.
ქურასბედინმა ისაუბრა დასვნაში ასახულ საკთხებზეც.
„დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს: კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა. ამ ინფორმაციის გახმოვანებისას ვენეციის კომისია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ-სტატიას ეყრდნობა.
სინამდვილეში კი, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მე-2 მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ, კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა.
ამასთანავე, ვენეციის კომისია აპელირებს, რომ კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ.
სინამდვილეში შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით (ყოველგვარი დაჩქარების გარეშე) რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა მაშინ, როცა ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი.
წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა. კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე. წ. ობიექტურობაზე, რაც წესით არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის. თუმცა, მსურს, ჩვენი საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მაინც შევეხო რამდენიმე საკითხს:
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას. ამის დასადასტურებლად კი ის მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა ცალკეულ ნორმატიულ აქტებზე .
სინამდვილეში კი, ყველა ის მოქმედი ნორმა, რომელზედაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აპელირებს, ვერ უზრუნველყოფს NGO სექტორის საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და ვერც მათი ფინანსების გამჭვირვალობას; შესაბამისად, კომისიის მითითება იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ფინანსური ნაწილი გამჭვირვალეა, სიმართლეს არ შეესაბამება!
მეორე: ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებთან მსგავსებებს შეიცავს. თუმცა ამ საკითხის დასკვნის 38-ე პარაგრაფში მხოლოდ სამიოდე ხაზი ეთმობა და სამართლებრივი მსჯელობა ამის შესახებ საერთოდ აღარ არის წარმოდგენილი და განვითარებული დასკვნაში. ასეთი მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდილობს ქართული კანონის სტიგმატიზებას!
მესამე – ყველაზე მნიშვნელოვანი: რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენეციის კომისიამ დასკვნის 31-ე , 62-ე , 83-ე და 99-ე პარაგრაფებში ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოვთხოვოთ. ვენეციის კომისიის ეს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილ 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის 79-ე პარაგრაფში სასამართლომ ცალსახად აღნიშნა შემდეგი:
არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც უკვე აღვნიშნე გაჯერებელია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ , პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას!
საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს.
ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხარო და იმედგამაცრუებელია!“, – აცხადებს ქურასბედიანი.
“ოცნება” ვენეციის კომისიის დასკვნას მიკერძოებულს უწოდებს და მას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს – განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის რომელიმე ლიდერის ნაცვლად სალომე ქურასბედიანს გააკეთებინეს.

იურისტი საბა ბრაჭველი რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია მსგავს დასკვნებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში აქვეყნებს.
“ვენეციის კომისიის შეფასებით:
ამ კანონს გააჩნია “უამრავი მსგავსება” (numerous similarities) რუსეთში, ყირგიზეთში, უნგრეთსა და რესპუბლიკა სრბსკაში ინიცირებულ კანონებთან;
განმარტებით ბარათში მითითებული ამერიკული, ავსტრალიური და ისრაელური კანონებისგან მას “რამდენიმე საკვანძო განსხვავება” (several key differences) განასხვავებს;
კანონის მიღების პროცესში ხელისუფლებამ არ გაასაჯაროვა მასში შეტანილი სიღრმისეული ცვლილებები. კომისია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს “გამჭვირვალობის ამგვარი არარსებობის” გამო (such absence of transparency);
საბოლოო ჯამში, კომისია მტკიცედ სთხოვს მთავრობას ამ ფორმით კანონის გაუქმებას (“strongly recommends repealing the Law in its current form”), რაკი კანონი მნიშვნელოვნად აზიანებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, პირადი ცხოვრების უფლებას, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას და დისკრიმინაციის დაუშვებლობას, აზიანებს ღია და საჯარო დებატების გამართვის შესაძლებლობას, პლურალიზმსა და დემოკრატიას.
საინტერესოა, ევროპის საუკეთესო იურისტების შეფასებაზეც თუ იტყვიან ჩვენი ენდემური ჭკვიანები, ერთი სამართლებრივი არგუმენტიც არ მოგვისმენიაო. ისევ გააგრძელებენ პროპაგანდას, თითქოს კანონი ამერიკულია, თუმცა მაინც სასიამოვნოა, რომ კანონს რუსულს უკვე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ვენეციის კომისიაც უწოდებს.
ვენეციის კომისია კანონის გაწვევას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ითხოვს. რუსულ კანონთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომლითაც კანონი გასაუქმებელია, მის შინაარსზე ყველანაირ ეჭვს უნდა სპობდეს. კანონი რუსულია და ის გამოსწორებას არ ექვემდებარება”- წერს ბრაჭველი.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დასკვნა “რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია”.
“რამდენადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დგას სინდისის უპირობო უარყოფაზე, მოსალოდნელია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე თქვას, რომ დაუსაბუთებელია.
სინამდვილეში, ეს დასკვნა არის არა მხოლოდ რეჟიმის წყალწყალა “არგუმენტების” გაცამტვერება, არამედ რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია, მისი მხილებაა ღია ღალატში სამართლის უზენაესობისა და კონსტიტუციური დემოკრატიის ყველა იდეალისა.
გთავაზობთ უსწრაფესად ვთარგმნოთ ეს დასკვნა. პარაგრაფ-პარაგრაფ ვურტყათ იმ ჩამორეცხილ ადგილას, სადაც წესით სახე უნდა ჰქონდეთ”- წერს ზედელაშვილი.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის პასუხი მმართველმა გუნდმა წინასწარ იცოდა და კანონი ნაჩქარევად ამიტომ მიიღო.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რა დამოკიდებულება ექნება ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ არ დაელოდნენ დასკვნას და სამი მოსმენით მიიღეს “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი.
“შალვა პაპუაშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიას არ გაუგზავნა ეს კანონი, რითაც, კიდევ ერთხელ, დაადასტურა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მათ არ აინტერესებდათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე დაიწყო ვენეციის კომისიამ დასკვნის მომზადება,”ქართული ოცნება” არ დაელოდა ამ დასკვნას და მესამე მოსმენით მიიღო კანონი. ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება საჯარო განხილვის საგანი და არა საპარლამენტო, იმიტომ, რომ კანონი სამი მოსმენით მიღებულია”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, თუ მმართველ გუნდს რამის გამოსწორება სურს, მათ არ სჭირდებათ ვენეციის კომისიის დასკვნის ლოდინი, რადგან შეუძლიათ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ.
“დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახოთ რა იქნება კომისიის რეკომენდაციები და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. არ სჭირდებათ ვენეციის კომისიის ლოდინი, თუ მართლაც რაღაცის შეცვლა და გაუმჯობესება უნდათ, ეს კანონი გაიწვიონ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button