„ქართული ოცნება“ სამშობლოს ღალატის მუხლს აბრუნებს

ქართული ოცნების წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს “სამშობლოს ღალატის მუხლი დაემატება”. ამის შესახებ მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მდინარაძის თქმით, მუხლი თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან.
ასევე, მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში “FARA-ს ამერიკული კანონი და მედიის შესახებ კანონი დაინიცირდება”.
“„დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ დაადასტურა. ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება თუ ვეტყვით, აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს ან არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში.
მიმდინარე კვირაში დაინიცირდება FARA-ს ამერიკული კანონი, რომლის შესახებაც მივიღებთ გადაწყვეტილებას. ასევე მედიის შესახებ კანონი, რომელიც ფეიქ ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული პრინციპების გათვალისწინებით მიღებული კანონი”, – თქვა მდინარაძემ.
მდინარაძის ცნობით, იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები დარეგისტრირდება, რომლებიც საჯარო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხება.
მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პროექტების საბოლოო მიღებამდე, მინიმუმ თვენახევარი დარჩა და აღნიშნულ ვადებში ეს დეტალები დამუშავდება.
“ასევე, დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვასა და ენჯეოების ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი.
დარეგისტრირდება ის ვერსიები, რომლებიც შეეხება სიპების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონის გამკაცრებას”, – თქვა მდინარაძემ.
მანამდე, “ქართული ოცნების” სადავო პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
კომისიის შექმნაზე 9 იანვარს ისაუბრა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მან აღნიშნა, რომ კომისია შეისწავლის:
საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.