მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უმრავლესობის წევრებმა საგაზაფხულო სესია შეაჯამეს. საუბარი შეეხო აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს.

„კერძოდ, „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში პარტიის პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს და დეტალურად გაიწერება რეკომენდაციების შესრულების ვადები, პასუხისმგებელი უწყებები და სუბიექტები.

სხდომაზე იმსჯელეს უმრავლესობის წევრების – სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის გადაწყვეტილებაზე, დატოვონ „ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც წინა დღის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია. კერძოდ – მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია, გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა მათი გადაწყვეტილება, როგორც დღეს უკვე ჩვენთან დისკუსიაში ჩანდა, იყო საბოლოო და უმრავლესობაზეც იგივე პოზიცია დააფიქსირეს. კიდევ ერთხელ, ყოველგვარი ინტერპრეტაციისგან რომ დავცალოთ ეს გადაწყვეტილება, მათ მიაჩნიათ, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც გარეთ უნდა გამოვიდეს, საჯარო გახდეს, არ არის საკმარისი, რათა საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს. სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ.

სამივე დეპუტატს მე-10 მოწვევის პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია: სოზარ სუბარი – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე; დიმიტრი ხუნდაძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე.

სამი დეპუტატის გასვლის შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში” 81 დეპუტატი რჩება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა არის საჭირო.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა დიმიტრი ხუნდაძე “ქართული ოცნების წინააღმდეგ წავიდა”. პირველად ის 2019 წელს დაჩი ბერაიასთან ერთად “აჯანყდა”. ის ფორმალურად იყო ინიციატორი იმ პროცესისა, როცა მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის დაპირება უკან წაიღო და სრულად პროპორციული არჩევნების საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩააგდო.

2022 წლის 10 ივნისს კი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ მიღებული რეზოლუცია იყო “ქართველი ხალხის შეურაცხყოფა” და რომ ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა. შესაბამისად, მისი განცხადებით, “თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას”.

რაც შეეხება მდინარაძის მიერ დასახელებულ მიზეზს, რომ პარტიიდან წასული დეპუტატების აზრით, “ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს” – ევროპისთვის “ფარდის ახდაზე” რამდენჯერმე ილაპარაკა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

11 ივნისს მან თქვა, რომ საქართველო არაფერს “მათხოვრობს” და ევროკავშირისგან დამსახურებულ და სამართლიან დამოკიდებულებას ელის, ამიტომ, თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება “უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება”, ყველაფერს „ფარდას ახდის”.

17 ივნისს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია აღარ აპირებს, “ფარდა ახადოს” ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორებს. ამ დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ გასცემს რეკომენდაციას, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა. კომისიამ ჩამოთვალა მთელი რიგი პირობები, რაც საქართველოში კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შესრულდეს.

მმართველმა პარტიამ დასახელებული “ევროპული პერსპექტივა” გამარჯვებად წარმოაჩინა, ირაკლი კობახიძემ კი თქვა: “ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ”.

დეპუტატების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციები ევროინტეგრაციის მოთხოვნით.

სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ” 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი – ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისს გაიმართა.

„ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის შემდეგ, კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობაზე მათი ჩანაცვლება მოუწევს.

მეათე მოწვევის პარლამენტში სოზარ სუბარი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი სპორტის კომიტეტს.

ვინაიდან, სამივე დეპუტატმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, სამივე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.

ცნობისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button