მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს -HRW

„ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს – სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლადშესული კანონები და ფიზიკური ძალადობა, ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია,- ამის შესახებ ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები, რომელიც უკვე შევიდა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, სრულიად „განურჩეველი და თვითნებურია“.
მათივე განხცადებით ორგანიზაცია 2024 წლის გაზაფხულიდან აღრიცხავს სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის მაშინ, როცა ისინი აქციაზე არ მდგარან.

„ვცდილობთ საქართველო ბელარუსს, ან რუსეთს არ შევადაროთ და ეს არც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რიცხვებზე და რიცხვები საკმაოდ ობიექტური რამაა. მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო [90 დღე] შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევისთვისაა ადამიანი დაკავებული, მკაცრად შეზღუდულია. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ ამ დღეებს 60-მდე ზრდის. ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს“, – აცხადებს რეიჩელ დენბერი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ნათლად ცდილობს ჩაახშოს ოპოზიციური და კრიტიკული ხმები.

„თუ არ ვცდები, ცვლილების მიხედვით, ე.წ პრევენციული დაპატიმრებაა დაშვებული და ხალხის დაპატიმრება სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ. შეიძლება გეგონოს, რომ უბრალოდ დემონსტრანტი ხარ, რომელიც მთავრობის ქმედებებს აპროტესტებ და ამ დროს მთავრობამ დაგაკავოს სრულიად თვითნებურად. რაც შეეხება იმას, რატომ აკეთებენ ამას? როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებას ქვეყანა ადამიანის უფლებების კრიზისამდე მიჰყავს. დავიწყოთ იმით, რა მოხდა გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ ეს ე.წ. „უცხოური გავლენის“ კანონი მიიღო, რომლითაც ნათლად ცდილობს ჩაახშოს ოპოზიციური და კრიტიკული ხმები და სრულად გაწმინდოს ქვეყანა ქართული არასამთავრობო სექტორისგან, რომელიც ასეთი ენერგიულია“, – განაცხადა რეიჩელ დენბერმა.

დენბერის თქმითვე, მის ორგანიზაციას აღრიცხული აქვს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები და ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე „ნათელია, რომ თავდასხმები კოორდინირებული იყო“.

„ჩვენ აღრიცხული გვაქვს დემონსტრანტების, აქტივისტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. ამის დოკუმენტირება [2024 წლის] ადრე გაზაფხულზე დავიწყეთ, როდესაც პროტესტები დაიწყო. დემონსტრანტებზე უმოწყალო თავდასხმები განხორციელდა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აქციაზე იდგნენ, არამედ მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთ სახლთან იდგნენ, ან უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც მათ შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ თავდასხმები კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი იყო, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. ასე რომ, ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. [საქართველოს] პროკურატურასაც მივმართეთ, ვკითხეთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ გამოძიებისთვის და არადამაკმაყოფილებელზე უარესი პასუხი მივიღეთ. გარდა ამისა, აღრიცხული გვაქვს უშუალოდ აქციებზე მომხდარი, სპეცრაზმის სრულიად უმოწყალო თავდასხმები ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს. ასევე ვერაფერი გაამართლებს იმას, როდესაც პოლიცია ხალხს გამოათრევდა და პოლიციის კორდონის უკან მიათრევდა, სადაც მათ უმოწყალოდ სცემდა მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ძირს ეცემოდნენ. ამის ერთადერთი მიზანი არის დასჯა, შურისძიება და სხვებისთვის დასაშინებელი გზავნილის მიწოდება“, – განაცხადა რეიჩელ დენბერმა.

მან ასევე უპასუხა საქართველოში პროტესტის ნიშნად მოშიმშილე ადამიანებზე, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე დასმულ კითხვას და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ნათლად დაგვანახა, რომ „არ სურთ იმ ადამიანების მოსმენა, ვინც აპროტესტებს“.

„რა თქმა უნდა, შიმშილობა და ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა კონკრეტული ადამიანების უფლებაა, თუ თვლიან, რომ ამ ფორმით უნდა გამოხატონ თავიანთი ბრაზი ეს მათი ნებაა და მთავრობამ ამაში ხელი არ უნდა შეუშალოს. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ მათ არ სურთ იმ ადამიანების მოსმენა, ვინც [არსებულ მდგომარეობას] აპროტესტებს. ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა ის, თუ რა გზით სურს ქვეყნის წაყვანა. ისინი რეალობას ამახინჯებენ და საქართველოს მოსახლეობის იმ უდიდესი ნაწილის იმედებს აცრუებენ და ამახინჯებენ, ვისაც ევროპული მომავალი სურს“, – განაცხადა რეიჩელ დენბერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button