„ქართული ოცნების“ ახალი კანონით სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
ცვლილებების მიხედვით:
სასამართლოს ეზოში, დერეფნებში და სხდომის დარბაზში გადაღება იკრძალება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ამას სასამართლო ან მისი უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
სასამართლოს შენობაში შესულ პირებს შესაძლოა ჩამოართვან პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკა.
ამასთან, გაუქმდება მედიას დღემდე არსებული უფლება, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესების ფოტოგადაღება ან ტრანსლაცია. კანონპროექტის ავტორები 9 დეპუტატია, მათ შორის არჩილ გორდულაძე და რატი იონათამიშვილი.
კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა გულისხმობს, რომ მიმდინარე კვირაში ის სამივე მოსმენით მიიღება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
„არავის აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები; გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – ნათქვამია კანონპროექტში.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე ფართოვდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სუბიექტად მიჩნეული იქნება არამხოლოდ კონკრეტული, განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, არამედ – ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერ სუბიექტს აეკრძალება ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა; ასევე, აიკრძალება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
„კანონის მე-9 მუხლის ცვლილება ეხმიანება საქართველოს კანონმდებლობაში უახლოეს წარსულში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც დაწესდა პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის მათი საქმიანობიდან (სტატუსიდან) გამომდინარე შეურაცხყოფის მიყენებისთვის. კერძოდ, კანონის მე-9 მუხლში შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, აიკრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში და ა.შ.) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს“, – ნათქვამია პროექტში.