ქართული ოცნების ბანერები ” არა ომს! აირჩიე მშვიდობა!” თელავშიც გამოჩნდა
ქართული ოცნების ბანერები ” არა ომს! აირჩიე მშვიდობა!” თელავშიც გამოჩნდა.
ქალქის ცენტრალურ ქუჩებში აღმართულ ბილბორდებზე, სადაც ყოველთვის სხვადასხვა სახის სარეკლამო მასალაა გამოფენილი, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერები დღეს, დილიდან გამოჩნდა.
ბანერების შინაარსი თბილისში განთავსებული ბანერების იდენტურია და მასზე უკრაინაში ომით დანგრეული შენობები, მეორე მხარეს კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში აშენებული ან რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურაა გამოსახული.
ბანერების ქუჩებში გამოჩენას საზოგადოების, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ელჩმა მას “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი” უწოდა, ხოლო ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ” განაცხადეს, რომ ბანერებს ეთერში არ გაუშვებენ.
ბანერების შინაარსის ირგვლივ, ევროკავშირის ელჩმა, დღეს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.
“მე მკითხეს ჩემი ხედვის შესახებ და მე გავუზიარე ჩემი შეხედულებები გულწრფელად და ღიად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში. მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, მაქსიმუმს ვაკეთებ და ყველა ჩემს საუბარში ვცდილობ უზრუნველვყო, რომ არასოდეს დამადანაშაულონ ჩარევაში. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თავად ქართველებმა და გულწრფელად მჯერა, რომ ხალხი მივა და მისცემს ხმას თავისუფლად და დემოკრატიული გზით. ჩვენ, ევროკავშირი, დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, ძალიან დაკვირვებით შევაფასებთ სხვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს და, რა თქმა უნდა, ძალიან დაკვირვებით მოვუსმენთ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს. ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რომელსაც საქართველოს ხალხი აირჩევს 26 ოქტომბრის არჩევნებში”, – თქვა ჰერჩინსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” ბანერების შესახებ ევროკავშირის ელჩის გამოხმაურებას საარჩევნო პროცესში „ჩარევა” და „ფარისევლური” უწოდა.
„ბატონი ჰერჩინსკის განცხადება, სადაც მან აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი უწოდა იმ საარჩევნო ბანერებს, ესეც არის ჩარევა საარჩევნო პროცესში, ვინაიდან ხდება ერთი მხარის თუნდაც საარჩევნო ბანერების შეფასება. ეს არის ფარისევლობა”- განაცხადა პაპუაშვილმა.
ბანერები “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!” თბილისში 26 სექტემბერს გამოჩნდა.