მნიშვნელოვანისიახლეები

ქართული ოცნების დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის „ქართუ ბანკი“ ანგარიშებს მალავს

ბიძინა ივანიშვილის სს ქართუ ჯგუფს ამ დრომდე მხოლოდ 2018-19 წლების ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული

“ფლანგვის დეტექტორის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ჯგუფი” კანონით დაკისრებულ ვალდებულებას უკვე წლებია არ ასრულებს და ინფორმაციას ფინანსური ანგარიშგების შესახებ მალავს. კერძოდ “ქართუ ჯგუფს” ამ დრომდე მხოლოდ 2018-19 წლების ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული რაც კანონდარღვევაა. ეს კი მაშინ, როდესაც ქართული ოცნება და მისი დამფუძნებელი გამჭვირვალობის სახელით რუსული კანონის მიღებას ამართლებენ.

“ფლანგვის დეტექტორის” უფროსი მკვლევრის, ხატია ნიკოლაიშვილის განცხადებით, მათ ანგარიშგების პორტალს მიმართეს კითხვით, თუ რატომ არ აქვეყნებდა სს “ქართუ ჯგუფი” ანგარიშგებას, რაზეც უპასუხეს, რომ ის 2020-2021 წლის ანგარიშგების გამოუქვეყნებლობის გამო 15 000 ლარით დააჯარიმეს. დაჯარიმების მიუხედავად “ქართუ ჯგუფი” ამ დრომდე არ აქვეყნებს ანგარიშგებას.

“ჩვენ მივმართეთ ანგარიშგების პორტალს კითხვით, თუ რატომ არ აქვეყნებს საზოგადოება “ქართუ ჯგუფი” ანგარიშგებას და მათ გვითხრეს, რომ მათ ის დააჯარიმეს, კერძოდ დააჯარიმეს 2020-2021 წლის ანგარიშგების გამოუქვეყნებლობის გამო და ჯერ იყო გაფრთხილება, შემდეგ ჯარიმა და შემდეგ ორმაგი ჯარიმა. კანონმდებლის თანახმად, ჯარიმის და ორმაგი ჯარიმის აქტები ჯამში 15 000 ლარს მოიცავს, ანუ კომპანიას ამ თანხის გადახდა მოუწია, თუმცა ჯარიმის გადახდა კომპანიას არ ათავისუფლებს ანგარიშგების წარდგენისგან და მიუხედავად ამისა ის მაინც ამ დრომდე არ აქვეყნებს ანგარიშგებას მისი კომპანიის შესახებ,” – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონის თანახმად საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად, 1 ოქტომბრამდე წინა წლის ფინანსური ანგარიშგება წარადგინოს.

ამასთან კანონდარღვევაზე ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმაც „ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ურუშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე არაგამჭვირვალე სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა.

„ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭვირვალე ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის ხელისუფლება და მისი კლანი. როგორც „ქართუ ბანკი“, ასევე სხვა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნეს ორგანიზაციები არ იხდიან გადასახადებს ამ ქვეყანაში, არ შეაქვთ კონტრიბუცია სახელმწიფო ბიუჯეტში და მაქსიმალურად ცდილობენ, გაასაიდუმლოონ თავიანთი საქმიანობა. ეს არის ერთადერთი მიზეზით განპირობებული, მათი საქმიანობა არ არის ჯანსაღი, ისინი არ იმყოფებიან სხვა ბიზნესთან ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში და კორუფციული გზით, სახელმწიფო ძალაუფლებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების გზით, დიდძალ ფულს აკეთებენ ის კომპანიები და ის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულები არიან, ერთი მხრივ, ივანიშვილთან ან მის გარემოცვასთან, რომლებიც ამ ქვეყანაში სარგებლობენ იმაზე დიდი ძალაუფლებით, ვიდრე შეიძლება სარგებლობდეს რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი. ესენი არიან უჩა მამაცაშვილი, რუხაძე, ჩხარტიშვილი, სულხანიშვილი და სხვები. არანაირ ვალდებულებას ეს ადამიანები არ გრძნობენ სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო აუდიტის წინაშე და დადასტურება ამ ყველაფრის არის ის, რომ „ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button