“ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში პოლიციის დახმარებით შედიან
სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების ფონზე და პოლიციის თანხლებით შედიან პარლამენტის შენობაში “ქართული ოცნების” დეპუტატები. საკანონმდებლო ორგანოს ორივე შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი არჩევნების გაყალბებას და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტის შეკრებას აპროტესტებენ.
პარლამენტში მისულ პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატს, შენობაში შესასვლელად პოლიციის დახმარება დასჭირდა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ტარდება და მას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებიან, რაც უპრეცენდენტო ფაქტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ოპოზიცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალ არჩევნებს ითხოვს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშია შეკრებილი, სადაც მემორანდუმს მოაწერს ხელს და ოფიციალურად იტყვის უარს საპარლამენტო მანდატებზე
ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს გირჩი, თუმცა ისინი მაინც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და სიებსაც აუქმებენ.
ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ ღებულობს არც პარტია მოქალაქეები, მაგრამ ისინი საპარლამენტო მანდატებზე ამ ეტაპზე უარს არ ამბობენ და აცხადებენ, რომ გარკვეული დათმობების პირობების შემთხვევაში პარლამენტში შევლენ.