მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის სახლთან 12 აპრილს გამართული აქციის საქმეზე დღეს კიდევ ერთ დემონსტრანტს შეუფარდეს პატიმრობა

სადავო პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის სახლთან 12 აპრილს გამართული აქციის საქმეზე დღეს კიდევ ერთ დემონსტრანტს შეუფარდეს პატიმრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივიტს ბექა პაპაშვილს.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

პაპაშვილი ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც 12 აპრილს, ნაშუაღამევს პროტესტის ნიშნად სპონტანურად შეიკრიბნენ თეა წულუკიანის სახლთან მას შემდეგ რაც მან საქართველოს ეროვნულ გმირ, აგვისტოს ომის დროს სასტიკად მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას განაცხადა:

„ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბექა პაპაშვილმა აქციაზე სამართალდარღვევა ჩაიდინა როდესაც „ყველა მოღალატის“ მისამართით შეიგინა.

ადგილზე მყოფმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ბექა პაპაშვილი „ციხეში გაუშვეს წულუკიანისთვის მოღალატის სახელის დარქმევისთვის“.
მისივე განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ბექა პაპაშვილი არის გამორჩეული ახალგაზრდა, ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, რაც მთავარია, გამორჩეულად პრინციპული, მებრძოლი და შეურიგებელი ახალგაზრდა, რომელიც პროტესტის პირველი დღიდან არის რუსთაველზე. დარწმუნებული ვარ, რა წამს გამოვა საპატიმროდან, ისევ რუსთაველის გამზირზე დადგება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ორი დღით ადრე, 4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა კიდევ ერთ აქტივისტს, ალბი კორძაიას, – რომელსაც შსს ამავე აქციისას თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდა.

ამასთან, 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ამავე მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ, 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტებს, თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომლებსაც შსს „ქართული ოცნების“ წევრ მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. მესამე აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი კი, 4 000 ლარით დააჯარიმეს.

დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button