“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა
ამნისტია ეხება პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს 4 800-ზე მეტ პატიმარს

“ქართული ოცნების” ინიციატივას “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ ხმები არ ყოფილა. ამნისტია ეხება პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს 4 800-ზე მეტ პატიმარს. აქედან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ათასი. ჰუმანური აქტი არ შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი სხდომას არ დასწრებია. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან. კანონპროექტის ინიციატორს კითხვები მხოლოდ „გირჩის“ წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ დაუსვეს.
ცნობილი ხდება, რომ ამნისტია არ შეეხება:
მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს;
ნარკორეალიზატორებს;
სქესობრივ დანაშაულებს;
ყაჩაღობას;
ტერორიზმს;
კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს;
ქურდულ სამყაროს;
კონვენციურ დანაშაულებს;
ტრეფიკინგს სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
გარდა ამისა, იონათამიშვილი თქმით, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება, დაახლოებით, 7 000 პირს.
“ეს არ ეხება იმ მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებს, როგორიც შეიძლება იყოს ნარკორეალიზება, იყოს მკვლელობა, განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, ტერორიზმი, სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი დანაშაული. ჩვენ სწორედ ვიღებთ ევროპულ სტანდარტებზე. ჩვენ სწორებას ვიღებთ იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელსაც თუნდაც პატიმრების უფლებების დაცვის თვალსაზრისით აწესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ საკომიტეტო სხდომას, დღევანდელ რიგგარეშე სხდომას, ბოიკოტი გამოუცხადა რადიკალურმა ოპოზიციამ. ეს ნიშნავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა პატიმართა უფლებებს. ეს ნიშნავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია ადამიანის უფლებების მიმართ,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
პარლამენტი პროექტს საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს. კენჭისყრამდე კანონპროექტი სესიაზე განიხილეს, დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები, დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასა და უმრავლესობის წევრებს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკებაც.
“თქვენ თქვით, რომ პატიმრებს შეახებდით ამნისტიას და, პრაქტიკულად, მოატყუეთ ისინი. ფაქტია, რომ ამნისტია ეხება ზონდერებს. ამ პირობებში, როგორ არის სამართლიანი ეს ამნისტია? ანუ, ზონდერებს წინასწარ დაჰპირდით დაუსჯელობას? და რამდენად არის ამნისტია სამართლიანი, როდესაც ის ეხება დანაშაულის ჩამდენებს და არ ეხება რუსული კანონით დაზარალებულებს, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ კანონს?” – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა უპასუხა.
“მე არ ვიცი, რა კანონზე საუბრობდა ქალბატონი აქუბარდია. თუ სწორედ განმარტავს და დეფინიციას მოახდენს, ამ შემთხვევაში, მზად ვარ, გიპასუხოთ და გითხრათ ის არაკომპეტენტურობა. ეტყობა, წაკითხულიც არ გაქვთ ეს ამნისტია, თორემ ამ კითხვას საერთოდ არ დასვამდით,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტის შესახებ შენიშვნები ძირითადად საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა პრინციპების დონეზე საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. ამნისტიას ემხრობა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯიაც. ოპოზიციის უმრავლესობას კი პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, ე.წ. აგენტების კანონის მიღების გამო.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას, იაგო ხვიჩიამ რამდენიმე სადისკუსიო პრინციპი დაასახელა. მან „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა, მთავარ პრინციპად აიღოს დაზარალებულისა და მსჯავრდადებულის შერიგება.
გარდა ამისა, ხვიჩია კანაფის თემაზე სხვა ნარკოტიკული ნივთიერებისგან განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მისი თქმით, საქართველოში კანაფის მოხმარება ლეგალურია, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებენ: „ადამიანებს ერთი ლეგალური გზაც კი არ აქვთ იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიცემული უფლების რეალიზაცია მოახდინონ“.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც იაგო ხვიჩია შეეხო, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. „გირჩის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ ამნისტია არ ეხება საზღვრის უკანონო გადაკვეთას, რათა იგი სააკაშვილზე არ გავრცელდეს.
„ადამიანებს ციხეში ტოვებთ, ეს უკვე სააკაშვილის მიერ გაკეთებული ცუდი საქმე არ იქნება, ეს იქნება ჩვენი გაკეთებული ცუდი საქმე, – აღნიშნა ხვიჩიამ და განაგრძო, – სამოხელეო დანაშაულის მთელი თავია ამოღებული და ამნისტია მასზე არ ვრცელდება. მესმის, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ამბავია მიხეილ სააკაშვილისთვის ამნისტიის შეხება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ციხეში იმავე მუხლებით სხედან, რაც სააკაშვილს აქვს მისჯილი, მათი ციხეში დატოვება არ არის სამართლიანი“.
ხვიჩიას განცხადებით, ამნისტია ასევე არ ეხება დანაშაულის დაფარვას, თუმცა ვრცელდება თავად დანაშაულის ჩამდენზე. „გამოდის, რომ ამ პროექტის მიხედვით, დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გარეთ იქნება, ხოლო ვინც დაფარა – არა“, – შენიშნა მან.
„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა ისეთ მუხლზე, რომლებსაც დაზარალებული არ ჰყავს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კრიმინოგენური სიტუაცია, მომეტებული საფრთხე, საზოგადოების დაცულობის ინტერესი, დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინება, ეს ერთობლიობაში ქმნის ხედვას, რა კატეგორიის მუხლებზე უნდა გავრცელდეს ამნისტია და რაზე – არა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კანონპროექტის მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა იაგო ხვიჩიას უპასუხა, რომ კანაფისა და მარიხუანის შემთხვევებზე უფრო მსუბუქი, ჰუმანური მიდგომებია.
იონათამიშვილი ამნისტიის პროექტს მასშტაბურს უწოდებს. „ის 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი – 1 000 პატიმარს“, – განმარტა მან.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:
პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
სასჯელის ½-ით შემცირება;
სასჯელის 1/4-ით შემცირება;
სასჯელის 1/6-ით შემცირება;
და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება (შეეხება დაახლოებით 7 000 პირს).
სხდომის დასასრულს, ოხანაშვილმა ამნისტიის პროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე დასვა აქცენტი. „მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ხომ არ არის სივრცე, ანალიზის გათვალისწინებით, გადაიხედოს ამნისტიის გავრცელების არეალი. საკითხი ერთია: კიდევ უფრო მეტ მუხლს ხომ არ შეეხოს ამნისტია. ჩვენი ამოცანაა ისეთი ფორმის მიცემა კანონისთვის, რომელიც იქნება დაბალანსებული… არ არსებობს უფლება ამნისტიაზე, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ნებისმიერ ადამიანზე“.
საპარლამენტო უმრავლესობა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე და მესამე საბოლოო მოსმენით მიღებას სექტემბერში გეგმავს
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამნისტიის მიღების ერთ-ერთი მიზეზი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს.
ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და “სისხლის სამართლის კოდექსის” 66 მუხლს მოიცავს. გარდა ამისა 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.