„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი უარს ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს „აგენტების კანონი“

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეტანილი სარჩელი ეხება კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაძლო დარღვევას. სარჩელი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 2024 წლის ივლისში შეიტანა.
კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, რომ მიიღონ „ყველა ზომა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
„კონსტიტუციის 78-ე მუხლი არის ხელისუფლების მბოჭავი კონსტიტუციური ნორმა ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზების თვალსაზრისით“ და „ამგვარი ჰარმონიზების გარეშე ვერ იქნება მიღწეული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, – წერია პრეზიდენტის სარჩელში.
მასში განმარტებულია, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნახსენებ კონსტიტუციურ ორგანოებს შორის საკონსტიტუციო სასამართლოც არის და „სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ინსტიტუტის ფუნქციაში შედის არაკონსტიტუციურად ცნოს ყველა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საფრთხეს უქმნის და ხელს უშლის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას დავობდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები (30-ზე მეტი). სასამართლოში სულ ხუთი სარჩელია შესული, დანარჩენი სამის ავტორები არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები არიან.
მე-10 მოწვევის პარლამენტი ე.წ. აგენტების კანონს 2024 წელს განიხილავდა. „ქართულმა ოცნებამ“, რამდენიმე ოპოზიციონერის ჩართულობით, კანონპროექტი ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად მიიღო. პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის დადებული ვეტო 2024 წლის 28 მაისს დაძლია.
ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვები დაეწესებინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან.