“შეშა ხმების სანაცვლოდ” – ქართული ოცნების კანდიდატს მოსყიდვაში ადანაშაულებენ

მყარი საწვავი ხმების სანაცვლოდ – ლაგოდეხის, სოფელ აფენის მკვიდრი მალხაზ ფერაძე რადიო ჰერეთთან საუბრობს, რომ აფენის ზონის სატყეოში მოსახლეობის დიდ ნაწილს შეშა ბილეთის გარეშე, უკანონოდ გააქვს.
ფერაძის თქმით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური და მერიის წარმომადგენელი აფენში, ერთად მოქმედებენ და ქართული ოცნებისთვის საარჩევნო ხმებს აგროვებენ.
ფაქტს, ფერაძე მოსყიდვად აფასებს და ამბობს, რომ აფენში მერის წარმომადგენელი, გიორგი გაფრინდაშვილი თავად მიუძღვება წინ შეშით დატვირთულ მანქანებს და მიაქვს იმ ოჯახებისთვის, ვისგანაც არჩევნებში მხარდაჭერას ელოდება. ის, კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს.
რესპოდენტის განცხადებით, გარემოს დაცვის სამსახური სატყეოს შეუთანხმდა, რომ საარჩევნოდ გაატარონ ყველა ის ტექნიკა, რომელიც შეშით იქნება დატვირთული და არ შეუმოწმონ ბილეთი აქვთ თუ არა.
ჰერეთის გადამღები ჯგუფი სატყეოს ტერიტორიაზე ჩავიდა. ადგილზე შეშით დატვირთული ათეულობით სატრანსპორტო ტექნიკაა. მცდელობის მიუხედავად, დაგვემყარებინა კომუნიკაცია მძღოლებთან, იმით დასრულდა, რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეაჩერა მანქანა და გაგვესაუბრა. დანარჩენები საეჭვოდ, ყოველგვარი საუბრის გარეშე აგრძელებდნენ გზას.
მალხაზ ფერაძე ჰერეთს სხვა ფაქტის შესახებაც უყვება.
მისი თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ სოფელ გვიმრიანში, გოჩა ფხალაძის ოჯახში დიდი სუფრა გაიშალა, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილიც ბრძანდებოდა და მცირე საარჩევნო კამპანია გამართა. აღსანიშანვია, რომ “ქართული ოცნების” თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჰერეთი მერის წარმამოადგენელს აფენის ტერიტორიულ ერთეულში, გიორგი გაფრინდაშვილს დაუკავშირდა. გაფრინდაშვილი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ჩვენც და ჩვენს რესპოდენტსაც მისამართი შეგვეშალა.
მისივე თქმით, საარჩევნო ხმები იმდენად ბევრი რაოდენობით აქვთ მოგროვებული, რომ ამისთვის ვინმეს მოსყიდვა არ სჭირდებათ.
მოუსმინეთ მალხაზ ფრუიძეს და გიორგი გაფრინდაშვილს
აღსანიშნავია, რომ კომენტარის მოსაპოვებლად, ქართული ოცნების ადგილობრივი შტაბის უფროსს, ჯონდო მდივნიშვილს მთელი დღის განმავლობაში ვერ დავუკავშირდით.