მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარიდან

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს 20 ივლისს, მაჟორიტარი კანდიდატები ოფიციალურად დაასახლა.

ბათუმში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რესან კონცელიძე იქნება.

ის წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში მუშაობდა, არის პოლიციის გენერალ-მაიორი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რესან კონცელიძის ოჯახი ფლობს მისი შვილის სახელზე რეგისტრირებულ, 21,75 კვ.მ. ბინას ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩაზე, რომელიც მეპატრონეს ჩუქების წესით აქვს მიღებული; იმავე მისამართზე რეგისტრირებულ ავტოფარეხს; ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ, 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში და რესან კონცელიძის მეორე შვილის სახელზე რეგისტრირებულ, $83 000-ად შეფასებულ ბინას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე.

“სახალხო ბანკში” რესან კონცელიძის ანგარიშზე 2 037 ლარი ირიცხება.

აჭარის მაღალმთიან რეგიონში (ხულო-შუახევი, ქედა, ხელვაჩაური) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ ანზორ ბოლქვაძე იქნება.

ის, 2008 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია.

ქონებრივი დეკლარაციის შესაბაბისად, ანზორ ბოლქვაძის სახელზე რეგისტრირებულია 1989 წელს შეძენილი 319,11 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ხულოს რაიონში, იქვე მდებარე ავტოფარეხით. მაჟორიტრი დეპუტატი, ასევე, ფლობს იქვე მდებარე 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება $20 000-ია და არასაცხოვრებელ ფართს, რომელიც 2002 წელს $3 000-ად შეიძინა.

ანზორ ბოლქვაძის სახელზეა რეგისტრირებული 2018 წელს გამოშვებული, $ 37 000-ად შეფასებული ავტომანქანა Toyota Prado. “თიბისი” ბანკში, დეპუტატის ანგარიშზე 9 479,63 ლარი ირიცხება. სესხის სახით, “თიბისი” ბანკიდან მას აღებული აქვს 3 842,84 ლარი.

ანზორ ბოლქვაძის მეუღლე თინა ბოლქვაძე ფლობს შპს “ფონი + საქართველოს”, რომლის 100%-ის წილის მფლობელია, თუმცა აღნიშნულ კომპანიას, გასული წლის მონაცემებით, შემოსავალი არ მიუღია.

2018 წელს, ანზორ ბოლქვაძეს, სამუშაოს ანაზღაურების სახით, საქართველოს პარლამენტში აღებული აქვს 56 766,25 ლარი. მის მეუღლეს კი, რომელიც ხულოს სამხატვრო გალერეის წამყვანი სპეციალისტია, 3 156 ლარი აქვს მიღებული.

ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით, კითხვები ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”.

“ანზორ ბოლქვაძეს ოჯახის საკუთრებაში არსებული 4 ქონება და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის 7 ფაქტი არ აქვს დეკლარირებული, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.” – განაცხადეს ამა წლის 2 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ. ორგანიზაცია პერიოდულად იკვლევს დეკლარაციებში დარღვევებს და მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კვლევა აჩვენებს, რომ 2013-2019 წლებში ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა შესყიდვებიდან 156 073 ლარი მიიღო. დეკლარაციაში არაა მითითებული ისიც, რომ მის მეუღლეს ბინები აჩუქეს.

მოისმინეთ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” აჭარის ბიუროს კოორდინატორის, მალხაზ ჭკადუას ხმა.

„გამომრჩა, ალბათ, დეკლარაციის შევსების დროს…“ – ასე ახსნა მაშინ პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ, თავის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევები.

ქობულეთში კი, „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად.

დეკლარაციის მიხედვით, მისი დედის, ნელი მიქელაძის სახელზე რეგისტრირებულია 1999 წელს შეძენილი 5 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, 210 კვ.მ. საცხოვრებელი სახლით, რომელტა ღირებულება არაა მითითებული. ასევე, 2009 წელს $47 000-ად შეძენილი, 57,38 კვ.მ. ბინა ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე.

მინისტრის შვილის სახელზეა რეგისტრირებული 2017 წელს შეძენილი ავტომანქანა Volkswagen Polo, 9 800 ლარად შეფასებული.

მინისტრი “ლიბერთი ბანკის” ანგარიშზე ფლობს 3 294 ლარის შენატანს. სამსახურებრივი საქმიანობიდან, მას, ანაზღაურების სახით, აღებული აქვს 44 688 ლარი; ხოლო მის მეუღლეს, ნონა მიქელაძეს, რომელიც ,,ქობულეთის პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი”-ს კადრების ხელმძღვანელია, – 2 800 ლარი.

კანდიდატების წარდგენას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

„ჩვენ ერთგული ვრჩებით ევროპის და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარს უჭერს ქართველ ხალხს ამ საქმეში, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, – ამერიკის შეერთებულ შტატებს.

“ჩვენ პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ, ამიტომ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემით გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენსკენ აფხაზი და ოსი ძმები“.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ნაკლებად ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და უფრო მეტი ილაპარაკა იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად გაუმკლავდა ხელისუფლება კოვიდ-19-ისგან გამოწვეულ კრიზისს.

მსგავსი პოსტები

Back to top button