მნიშვნელოვანისიახლეები

ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადება მანიპულაციურია-რა განცხადებები კეთდება ოპოზიციაში

მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადება მანიპულაციურია.
სირცხვილიას განცხადებაში განმარტებულია, რომ “კანონპროექტის “გაწვევის” პროცედურა არ არსებობს და საჭიროა, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე გაატარონ და ჩააგდონ”.
“ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადება მანიპულაციურია! კანონპროექტის “გაწვევის” პროცედურა არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ და ჩააგდონ. ვიდრე ამას არ იზამენ, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, კანონპროექტი აქტიურია. ქართული ოცნების მრავალჯერ დარღვეული პირობები და გატეხილი სიტყვა გვკადრულობს, რომ მათი ნდობა არ შეიძლება… ქართული ოცნება ხალხის მოტყუებას ცდილობს. გააგებინეთ ყველას და მტკიცედ ვიაროთ შინ ევროპისკენ”, – აღნიშნულია სირცხვილიას განცხადებაში.

პირველი შეფასებები კეთდება მმართველი გუნდის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც ხალხის ძალის მიერ ინიციირებული კანონი უკან გაიწვია. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც აქციაზე იდგნენ.
გავრცელდა “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს, “ხალხის ძალისა” და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მმართველმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს კანონპროექტი.
აქვე ნათქვამია, რომ “სიცრუის მანქანამ შეძლო საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა, კანონპროექტს რუსული კანონის ყალბი იარლიყი მიაკერა და მისი პირველი მოსმენით მიღება ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინა”. განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი ძალა აპირებს საზოგადოებას უკეთ განუმარტოს, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი. ამისთვის დაიწყება შეხვედრები მოსახლეობასთან.
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეს არის გამარჯვება, თუმცა “ქართული ოცნების” არ სჯერა.

“ეს არის გამარჯვება, მაგრამ ჩვენ “ქართული ოცნების” არ გვჯერა. მემგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და უახლოესი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ დავინახეთ თუ როგორ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი საზოგადოება. აქედან გამომდინარე ეს ბრძოლა გაგრძელდება და წინააღმდეგობა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, სანამ ჩვენ არ დავინახავთ კონკრეტულად და იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს კანონის გამოწვევასთან დაკავშირებით. ამისთვის ჩვენი საპარლამენტო დეპუტაცია იმ კოლეგებთან ერთად, რომლებიც პარლამენტში არიან და ამ დღის განმავლობაში იბრძოდნენ და გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ თუნდაც კანონპროექტების ჩაგდების შემდგომ, შესაძლო იყოს კანონპროექტის ხელახად დაინიციირება.

“მოქალაქეები” თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის თქმით, საჭიროა ვენეციის კომისიას ბოდიშის წერილი გაეგზავნოს.
“აღარ გახდება საქართველო რუსეთი – მგონი ეს დასკვნა გამოიტანეს. რაც შეეხება იმას, რომ გაიწვიეს – ეს ფორმულირებაა ზოგადი სიტყვიერი. სამართლებრივად, რეგლამენტის მიხედვით კიდევ უნდა დადგეს კენჭისყრაზე და როგორც კეთილი ინებეს და იმ ჭუჭყს დაუჭირეს მხარი, ასევე ახლა უნდა მისცენ წინააღმდეგი და ასე გაუქმდება. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისიასაც ერთი ვრცელი ბოდიშის წერილი უნდ გავუგზავნოთ, ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა ამ მესიჯის გამოაგზავნოო,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კრემლმა უკან დაიხია – თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს, მათი სახე ნაცნობია – ისინი არიან ჩასაფრებულები, მომენტს ეძებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი შეცვალონ,- ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და საკუთარი იდენტობის ლუსტრაცია მოახდინა.

„ძალიან მარტივად შევაფასებ: კრემლმა უკან დაიხია. ვფიქრობ, ეს გამოხატავს იმ რეალობას, რაც არის. პროცედურული თემები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მგონი, ასე ხედავს არამარტო ცალკეული ადამიანი, არამედ მთელი საქართველო. ამ დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და მოახდინა საკუთარი იდენტობის ლუსტრაცია. ის, რომ ისინი არიან მოსკოვური პროექტი, პირდაპირ იმართებიან კრემლიდან, თუ სხვა მოსკოვური სააგენტოდან. ეს ფაქტია, ამ რეალობას პოლიტიკურად ვერ გაექცევიან. თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ, მათი სახე ნაცნობია, ნათელია, რომ ამ პროექტის მიზანია ჩამოაშორონ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

რომც აიღონ და ჩააგდონ პროცედურა, ეს მათ იდენტობაში არაფერს ცვლის. ყველამ ნათლად დაინახა, რომ ისინი არიან ჩასაფრებულები, მომენტს ეძებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი შეცვალონ“,- აღნიშნავს მარგველაშვილი.

ქართული ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ რუსულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” გაიწვევს.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა საუბარი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე, რომელსაც ე.წ. ამერიკულ ვარიანტს უწოდებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები არ ჩატარდება. დღეს პარლამენტის აპარტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება”.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button