“ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კვლევა პოლიტიკური ბრალდებების საგნად იქცა
“ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კვლევა პოლიტიკური ბრალდებების საგნად იქცა. სახელისუფლებო გუნდში პირდაპირ ამბობენ, რომ ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 53 პროცენტი მიკერძოებულია ოპოზიციის სასარგებლოდ. საპასუხოდ ოპონენტები “ქართულ ოცნებას” სამოქალაქო საზოგადოების დევნაში ადანაშაულებენ.
პლატფორმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს, ადამიანი იყოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე პოლიტიკური პარტიის წევრიც.
“საქართველოს კანონმდებლობა არანაირად არ ზღუდავს, რომ ადამიანი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრიც და იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრიც. პოლიტიკური პარტიის წევრობა არ ნიშნავს, რომ მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიღაცას ეკუთვნის ან ვიღაცის ინტერესებს გამოხატავს. ეს არის დარეგულირებული და არაფერი უკანონო არ არის. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა გადაწყვიტა იყოს რომელიმე პარტიის საარჩევნო სიაში, ეს არ ნიშნავს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ დაკარგა კანონით გათვალისწინებული უფლებები,” – აცხადებს გია ბარამიძე.
ამასთან მანვე განაცხადა რომ ქართველი ხალხი სულელი არ არის, აღარავინ, არცერთი პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, Edison Research-ის ბოლო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი ბარამიძის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს საზოგადოებისთვის მიცემული არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.
„ისედაც ნათელია და ამას Edison Research-ის კვლევები არ სჭირდება: სადაც უნდა იყოს ადამიანი, გაიაროს ქუჩაში, ბაზარში, ავიდეს ტრანსპორტში, მაღაზიაში, ნებისმიერ ქალაქში და დაბაში, უბანში, ყველამ კარგად დაინახა, რა მავნებლურ რეჟიმთან გვაქვს საქმე, რომ ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხს ჰპირდებოდა 2012 წელს, ის საკუთარი თავისთვის მოიწყო, ის უფასო ფული, მიწები, ტყე, სამუშაო ადგილები მოიწყო თავისთვის, თვითონ 900 მილიონით გამდიდრდა, ივანიშვილის ბანდის წევრების გარშემო შემოკრებილმა რამდენიმე ოჯახმა ჩაიგდო ხელში საქართველოს ეკონომიკა, პორტები, რკინიგზა, მსხვილი ბიზნესები მათ ხელშია, აქედან გამომდინარე, მათ აიწყვეს ცხოვრება კარგად და ქართველ ხალხს უქციეს ის ჯოჯოხეთად, რადგან მათი მმართველობის პირობებში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა საქართველო, სწორედ ამ მაღალი ფასების, უმუშევრობის, გაჭირვებისა და სიდუხჭირის გამო.
ქართველი ხალხი სულელი არ არის, აღარავინ, არცერთი ნორმალური პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს. ეს მითუმეტეს, ასე მოხდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ხალხს აკადრა, რომ თურმე ჩვენ ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ.
საქართველო ბოდიშს არავისთან, არასდროს არ მოიხდის, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გაისტუმრებს ამ ხელისუფლებას და საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანების გზით, აუცილებლად, მშვიდობიანად გამთლიანდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეფასება გააკეთა პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.
“მე არ შევდივარ ინდივიდუალურად არც ერთი ორგანიზაციის შეფასებაში. თუ სადმე კანონი ირღვევა, ჯობია რომ იმოქმედონ, ნაბიჯები გადადგან და პასუხისმგებლობა დააკისრონ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვისი გადმოსახედიდან რა სანდოობის მატარებელია. საქმე მარტივად არის, ამომრჩევლებმა თუ დაინახეს, რომ ისინი მოატყუა ხელისუფლებამ, არანაირ შეფასებას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება,”- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებად წოდებულ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საუბრობს.
საუბარია “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ კვლევაზე. სახელისუფლებო გუნდში პირდპაირ ამბობენ, რომ ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 53 პროცენტი მიკერძოებულია ოპოზიციის სასარგებლოდ.
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული პირები არიან გაწევრიანებული სამოქალაქო საზოგადოებაში და ამავდროულად, იგივე პირები არიან კონკრეტული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის წევრები.
“კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებად წოდებულ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია. კონკრეტული პირები, ერთდროულად საქმიანობენ როგორც სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები და არიან გაწევრიანებული სამოქალაქო საზოგადოებაში, და ამავდროულად, იგივე პირები არიან კონკრეტული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის წევრები. ეს ყოველგვარ ზღვარს მიღმაა. ეს კონკრეტული ორგანიზაციები გასული არიან ყოველგვარ დემოკრატიული ჩარჩოდან და პირდაპირ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დანამატები და დაჯგუფებები. ამ პარტიაში გაწევრიანებული არა ერთი პირი ცდილობს საზოგადოებას თავი წარუდგინოს როგორც ნეიტრალური დამკვირვებელი,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.