„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა-პოლიციას ოფისთან კორიდორი აქვთ გაკეთებული

თბილისში, გორგასლის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა – კვლავ ისმოდა საპროტესტო შეძახილები, მათ შორის „ცეცხლი ოლიგარქიას“. აქციაზე იყვნენ დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ოჯახის წევრებიც.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პატიმრების მხარდამჭერი პლაკატები წარწერით: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”.
დემონსტრანტების განცხადებით, პერიოდულად აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავენ, რადგან მათი მიზანია, “ქართული ოცნებისთვის” მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა.
„აქ მოსვლა იმიტომ გადაწყდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ყველაფერი უბედურება რაც ხდება ქვეყანაში, არის მისი ბრალი“, – უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ძლიერი წვიმაში სიტყვით გამოსვლების შემდეგ მათ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
თითქმის ექვსი თვეა თბილისსა და ბათუმში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც პარტია აღარ დააყენებს ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც იმყოფება, „ქართული ოცნების” ოფისის წინ პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.