მნიშვნელოვანისიახლეები

ქართული ოცნების პარლამენტმა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ,, კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ იყო. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება.

უქმდება კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს.

ასევე, უქმდება კანონის ის ჩანაწერიც, რომლის გათვალისწინებით, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს.

მესამე მოსმენით კენჭისყრამდე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ მეორე მოსმენისას მან “გარკვეული ტექნიკური უზუსტობა” დაუშვა, როცა ვიქტორ ჯაფარიძის კითხვის პასუხად თქვა, რომ კანონიდან იღებდნენ მეოთხე მუხლს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას შეეხება.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით მიღებამდე, მეოთხე მუხლთან დაკავშირებით ვიქტორ ჯაფარიძემ იკითხა:

“როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: “სავარაუდოდ“, “მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. კანონის მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

ახლა რანაირად გამოვა ეგ? ამას აუცილებლად გამოიყენებენ“.

ვიქტორ ჯაფარიძის ამ კითხვის პასუხად მათიკაშვილმა თქვა, რომ მეოთხე მუხლი სრულად არის ამოღებული ახალი ვერსიიდან და ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

მეოთხე მუხლის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება კი დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. კანონის ჯერაც მოქმედი რედაქციით, მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

„აღნიშნული მუხლი ცილისწამებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არ ეხება. ის მოწოდების და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩანაწერია.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ამოღებულია პრივილეგიების მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის პრივილეგიებს გულისხმობს, თუმცა კანონის მეოთხე მუხლს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, ჩვენ არ შევხებივართ. ეს მუხლი არის უცვლელი და კანონიდან მუხლი არ ამოგვიღია“, – თქვა მათიკაშვილმა მესამე მოსმენისას.

გარდა ამისა პარლამენტში წარდგენილი პროექტის ამოქმედების შედეგად, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. ამასთან, კანონპროექტი მოპასუხეს აკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავდა.

კანონის პროექტით დაწესდება სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება როგორც პირისპირ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ მოქმედი კანონი ამბობს, რომ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, კანონის ეს მუხლიც უქმდება.

უქმდება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის კვალიფიციურ პრივილეგიას განსაზღვრავს. კერძოდ, კანონიდან ამოდის ჩანაწერი, რომლის თანახმად, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ: – მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად; იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს; მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით; მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს; მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

ამავე კანონის პროექტით, ცილისწამების საქმის განხილვის ვადები მჭიდროვდება – ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისთვის დადგენილი 1-თვიანი ვადა 10 დღემდე მცირდება.

კანონპროექტით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის საკმარისი არ არის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.

ასევე, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 100- დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შეუძლია, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდგომ იმ განცხადებებზე გავრცელდება, რომელიც ახალი კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა ხანდაზმულობის 100 – დღიანი ვადა გასული არ არის

მსგავსი პოსტები

Back to top button