„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით რუსეთის მმართულებით ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება

რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას – ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე – მას ამ თემის აქტუალიზება სწორად არ მიაჩნია.
„რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არმგონია, სწორი იყოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ფრენების საკითხთან დაკავშირებით კი, კობახიძე აზუსტებს, რომ ქვეყანაში სანქცირებული ბორტები არ იფრენენ.
„რაც შეეხება ფრენებს, ფრენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია მარტივად დავაფიქსიროთ პოზიცია, თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია. ეს მიდგომა აბსოლუტურად გასაგებია და ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება. ითქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტები იქნება მიღებული. აქაც იყო სპეკულაციები, იგივე დოკუმენტების გაგზავნასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის რომ იყოს ნათელი, ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას, აქედან გამომდინარე, ესეც არ არის ის საკითხი, რომელზეც სპეკულაციებს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთის მმართულებით ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება.
მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ხალხზე ზრუნვის გამო.
„ტერორისტ პუტინს „ქეშის“, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად, თბილისი-მოსკოვამდე თითქმის კვირა შეიძლება დასჭირდეს, ერთი კვირა შეიძლება დასჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია, სახიფათოა ხომ? როცა სანქცირებული ოქრო მიგაქვს, მილიონობით დოლარი გადაგაქვს, ან თუნდაც სამხედრო ჩიპებისთვის, სახიფათოა, ამიტომ, ფაქტობრივად, ამ ფრენებით გაიიოლა საქმე პუტინმა. ცხადია, ამ საქმეში ჩართული იქნება ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გადამოწმების გარეშე შეტანა-გამოტანა.
ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინს ომის პირობებში, როცა უკრაინას თავს ესხმის, როცა აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ხალხზე ზრუნვის გამო, ან თუნდაც ეთნიკურად ქართველებისთვის, თურმე რა კარგი იქნება ეს ფრენები. ეს ფრენები იქნება კარგი მხოლოდ და მხოლოდ პუტინისთვის, მისი ტერორისტული ზრახვებისთვის, ამაში ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი. საბოლოოდ, „რუსული პარტია“ საქართველოში ეხმარება პუტინს ომის განხორციელებაში უკრაინაში და საქართველოს ოკუპაციისთვის ფაქტობრივად, ეკონომიკურ მილიონობით დოლარს ასხამენ თავად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. შესაბამისად, ეს არის ის ფრენები, რომელიც სახელმწიფოს ღალატს უტოლდება, საუბარია „შავი ფულის ქეშის“ ტარებაზე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, სანქცირებული ოქროს ტარებაზე. ასევე, ცხადია, ეს უკავშირდება ე.წ. სამხედრო ჩიპებს, რომელიც შესაძლოა, ასე ვთქვათ, ამ ფრენებით გადაადგილდეს და მარტივად რამდენიმე საათში მიიღოს პუტინმა ის, რაც მისთვის ომის პირობებში ასე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.