მნიშვნელოვანირეგიონი

“ქართული ოცნების” წევრი ემიგრანტი თელავის მერიას უჩივის

ქართველი ემიგრანტი, რომელიც რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ხათუნა ციგროშვილი-შროედერი, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას აპირებს, რაც მისი მტკიცებით, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, მერიის მოქმედებით მიადგა.
გერმანიის ქალაქ მიუნხენიდან, ემიგრანტი ქალი, ექსკლუზიურად რადიო ჰერეთს დაუკავშირდა და აცნობა, რომ მერიის წინააღმდეგ სარჩელის მოსამზადებლად, ადვოკატი უკვე დაქირავებული ჰყავს და შესაბამის დოკუმენტაციას აგროვებს.

” ქართული ოცნება” რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა , იმ დროს გავწევრიანდი და მანდატიც მაქვს, მაგრამ იმაზე უარესები ხდება, რისთვისაც იმ ხელისუფლების შეცვლა გვინდოდა. საქმე იმაშია, რომ მარტის ბოლოს მოსულმა სტიქიამ სახურავი მხოლოდ ერთ სადარბაზოში დააზიანა. ჩემი საცხოვრებელი ბინის თავზე, სახურავი არ გადაუხდია, არც არაფერი გაუფუჭებია. მივიდნენ მერიიდან, საცხოვრებელ კორპუსს მთლიანად გადახადეს, ტენტიც არ მისცეს ხალხს და მიანებეს თავი. იმ ღამეს მოვიდა წვიმა და მთელი სახლი განადგურებულია. შიგნით ცხოვრება აღარ შეიძლება. მიზერულ ფასად ახლობელი ცხოვრობს და ისეთ დღეში ჩაცვივდნენ, ნესტისგან ბავშვს ფილტვების ანთება დაემართა. მალე მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც მერიამ მომაყენა. ადვოკატსაც უკვე მოველაპარაკე”- ამბობს ციგროშვილი-შროედერი, რადიო ჰერეთთან.
საცხოვრებელი ბინა, რომელზეც ემიგრანტი საუბრობს, თელავში, ალაზნის გამზირზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარეობს.

ბინაში, არასრულწლოვან შვილთან ერთად, დროებით მცხოვრები მამაკაცი ადასტურებს, რომ სახლში კედლები და ჭერი მას შემდეგ გაფუჭდა, რაც მერიამ ბინას სახურავის დაუზიანებელი ნაწილიც გადახადა და გადაუღებელი წვიმები დაიწყო.

” გადახადეს თუ არა, იმ ღამესვე დაიწყო წვიმა, აღარც გადაუღია. ჩვენს მხარეს ქარს სახურავი არ აუხდია და მაინც მთლიანად გადახადეს. ტენტები არ მოგვცეს, თუ გინდათ, თქვენ იყიდეთო და აი, რა დღეში ჩავცვივდით. ყველაფერი გაფუჭებულია, გადაუღებლად წვიმდა და როგორც გარეთ იყო თავსხმა, იგივე ხდებოდა სახლშიც. ნესტიან სახლსა და საწოლებში გვიწევდა ძილი. ამის გამო, ბავშვს ფილტვების ანთება დაემართა, ძლივს გამოკეთდა”– ამბობს ბინაში დროებით მცხოვრები პირი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ სახურავი რომელიც სტიქიამ დააზიანა, სრულად შეცვლილია.

“ალაზნის გამზირის N 30 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის სრული რეაბილიტაცია უკვე ჩატარდა. ძველი სახურავი ახლით სრულად შეიცვალა. შეგვიძლია გითხრათ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, “– განმარტეს მერიაში.

ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები თელავში, 28 მარტს გადახადა.სტიქიამ, სულ 13 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზიანებული სახურავების შესაცვლელად, 900 000 ლარი გამოიყო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, თავდაპირველად მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების სახურავების რეაბილიტაცია დაიწყო.

დღევანდელი მდგომარეობით, ჯერ კიდევ გადასახურია კერძო პირების საკუთრებაში არსებული სახლების ნაწილი, რის თაობაზეც , 28 აპრილს, სტიქიიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, განცხადება, საკრებულოს დეპუტატმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიგი გიგიტელაშვილმა გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button