მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში 4400-ს უახლოვდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 4400-ს უახლოვდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი. საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დადასტურებულ შემთხვევებზე.

ოფისის მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 12 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4395 სამოქალაქო პირი, მათ შორის 275 ბავშვი. საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5390 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 451 ბავშვი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. უკრაინის ბევრი რაიონიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება. მათ შორისაა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ლუგანსკის ოლქის ქალაქი პოპასნაია, საიდანაც ვრცელდება ცნობები მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button