მნიშვნელოვანისიახლეები

,,ქართული სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ჩვენი ეკონომიკა იზრდება გადით რეგიონებში საქართველო მუშაობს,,-პარლამენტის თავმჯდომარე

ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება-ცინცაძე

მთავარია, რომ ქართული სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. ხედავთ, როგორ ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც. ამ აქციების დროსაც მათი ტაქტიკა იყო, ქვეყანა დაეზიანებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ ვინმეს აინტერესებს ეკონომიკა როგორ ვითარდება საქართველოში, მაშინ შეხედონ ჩვენზე მონაცემებს, გინდათ ეკონომიკურს, გინდათ ინსტიტუციურს და ასე გააკეთონ ხოლმე დასკვნები.

„ამიტომ, ვინც აორგანიზებდა მაგისტრალების გადაკეტვას, ქვეყნის წინააღმდეგ ჩვეულებრივად საბოტაჟს ეწეოდა, რაც ძალიან მძიმე ქცევაა. ვხედავდით ქართველ და უცხოელ აქტორებს, რომლებიც ავი სიხარულით უყურებდნენ ლარის კურსს, კომენტირებდნენ: „აბა, შეხედეთ ლარის კურსი სად არის და ლონდონის ბირჟაზე აქციის ფასი სად არისო“. ეს ავი სიხარული ზოგიერთ უცხოელს შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ დაბადებით ქართველ ადამიანს ეს ავი სიხარული რომ აქვს, დილით რომ გამოდიან და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე ტაბლოს უყურებენ, იქნებ ერთი თეთრით მაინც გაუფასურდეს ლარი, რომ მერე პანიკა ავტეხოთ და ამაზე ვილაპარაკოთო, ასეთი ქართველები აღმოგვაჩნდა ჩვენს წიაღში, რომლებიც უცხოური ფულით გამოიკვებნენ. ლარის ტაბლოზე დოლარის მხარე აინტერესებთ მხოლოდ და არა ლარის. ეს არის „ენჯეოსა“ და ოპოზიციის ის სიმბიოზი, რომელიც ტაბლოს უყურებს და დოლარის გამყარება უხარია.

მთლიანი საქართველო მუშაობს. გადით რეგიონში, გადით ყველგან, რა საქმიანობა მიდის და ზუსტად ეს აისახება შესაბამისად ეკონომიკაზე, სადაც კვლავ რეკორდული ზრდა გვაქვს. აპრილში ზრდა თითქმის 12 პროცენტია, საშუალო წლიური 9%-იანი ზრდა გვაქვს. სხვათა შორის, ლიდერი ვართ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, თუკი ვინმეს უნდა, კიდევ შეადაროს საქართველო, ჩვენ მეათე ადგილზე ვართ ცხრილში. თუ რომელ ადგილზე ვართ, შეხედონ ჩვენზე მონაცემებს, გინდათ ეკონომიკურს, გინდათ ინსტიტუციურს და ასე გააკეთონ ხოლმე დასკვნები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება. აპრილში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 11.8% შეადგინა, ხოლო ოთხი თვის ჭრილში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 %-ს შეადგენს, – ამის შესახებ „საქსტატის“ აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კომენტირებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობები იზრდება.

„ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე მშენებლობის და ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ, ასევე პოზიტიური და მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურებების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ფაქტორებს თუ შევხედავთ, ქვეყანაში იზრდება საინვესტიციო აქტივობა. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტს ეკონომიკურ ზრდაში. მაგალითად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველი კვარტლის მაჩვენებლებით რეკორდულია, 800 მლნ აშშ დოლარს აღემატება”, – განაცხადა ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ინარჩუნებს.

„სავალუტო ფონდის აპრილის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2024-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button