მნიშვნელოვანისიახლეები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლობიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხის მიმართ,,-პაპუაშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა დანამდვილებით დავრწმუნდით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლობიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა.

მისი თქმით, ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონს აპროტესტებენ.

„როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა დანამდვილებით დავრწმუნდით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლობიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხის მიმართ:

ამ დროისთვის, უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა. ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ. მეტიც, კიდევ 300 ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ამჟამად განხილვის პროცესშია.

ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე პოლიტიკური არასამთავრობოსა და მათი დონორების მუქარის მიუხედავად, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება შეეწინააღმდეგებოდა მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

ცხადი გახდა ისიც, რომ 2023 წლის მარტში და 2024 წლის მაისში ქუჩაში ძალადობრივი პროტესტით გამოსული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოებას კი არ წარმოადგენდნენ, არამედ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, მათი პოლიტიზებული არასამთავრობოებისა და პარტიული ტელევიზიების მიერ იყვნენ მობილიზებულნი.

ნამდვილმა სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა. საქართველოში რეგისტრირებული 30 000-ზე მეტი არაკომერციული ორგანიზაციიდან 25 000-მდე ორგანიზაცია, უკვე წლებია, უმოქმედოა. აქტიური ორგანიზაციებიდან, როგორც ჩანს, უცხოურ დაფინანსებას 600-მდე ორგანიზაცია იღებს და მხოლოდ 136 მათგანისთვის აღმოჩნდა მიუღებელი გამჭვირვალობა. ამგვარად, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების 75 პროცენტზე მეტისთვის გამჭვირვალობის კანონი პრობლემას არ წარმოადგენს.

და, ჰოი, საოცრებავ, სამყაროს დაპირებული დასასრულის მიუხედავად, მზე კვლავ დანათის საქართველოს ულამაზეს სოფლებსა და ქალაქებს“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გამჭვირვალობის შესახებ კანონი არც არავის ზღუდავს და არც სტიგმატიზაციას ახდენს არცერთი ორგანიზაციის, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 100-ზე ბევრად მეტმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო, არავითარ პრობლემებს არ უქმნის ამ ორგანიზაციებს ეს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ ერთადერთი რამ – გამჭვირვალობა და გაუგებარია, თუ არაფერი აქვთ დასამალი, რატომ არ რეგისტრირდებიან?

„ერთადერთი რაც მოეთხოვებათ, არის გამჭვირვალობა. თუ არაფერი გაქვს დასამალი, რატომ არ უნდა დარეგისტრირდე, მარტივი კითხვა ისმის. რაც შეეხება სტიგმატიზაციას, ესეც არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა გვაქვს პრობლემები კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმართებით, ვინც, მაგალითად, თავის დროზე ე.წ. „პივიტი“ გააყალბა ან სხვაგვარად მონაწილეობდა რევოლუციურ პროცესებში, პირდაპირ ყველას ვუწოდებთ საკუთარ სახელს. რაც შეეხება კანონს, კანონში ხდება ფაქტის კონსტატაცია – როდესაც შენ იღებ უცხოურ ფულს, ამ ფულს მოჰყვება გავლენა და ხდები შესაბამისი გავლენის გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში. ამ ფაქტის კონსტატაციას ვერ ექნება ვერავითარი პრობლემური დატვირთვა ვერცერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია. ეს არის მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოხატულება, მათ არ ეშინიათ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ ასეთ ორგანიზაციას გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, აქ აშკარაა, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი და სწორედ ამიტომ არ გადიან რეგისტრაციას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button