საქართველოსიახლეები

“ქართული წიგნის ინდუსტრიის გადასარჩენად”

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა საქართველოს მთავრობას ქართული წიგნის ბაზრის გადარჩენის ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს.

შესაბამისი წინადადებით, მან საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს და სსიპ საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორ ნატალია ლომოურს მიმართა.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ საგამომცემლო საქმიანობის აღდგენა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მხოლოდ მესამე ეტაპზეა გათვალისწინებული, რის გამოც, თვეზე მეტია, ახალი წიგნები აღარ გამოიცემა. გარდა ამისა, “მიუხედავად იმისა, რომ 27 აპრილიდან ონლაინ ვაჭრობა საქართველოში ოფიციალურად აღდგა, დღემდე გამომცემელთა უმრავლესობა გაურკვევლობაშია, მათთვის ონლაინ ვაჭრობის აღდგენის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურები კვლავაც ბუნდოვანია.”

“აღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაციამ მოიკვლია ის ფინანსური ზარალი, რომელიც საქართველოს წიგნის სექტორს ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიადგა და გვსურს გაცნობოთ, რომ ზარალის ჯამურმა თანხამ ჩვენი მცირე სექტორისთვის ძალიან საშიშ ციფრებს მიაღწია და 6 მილიონი ლარი შეადგინა. აქვე გვსურს გითხრათ, რომ მომდევნო, მაისის თვის პროგნოზით, ერთი თვის თავზე აღნიშნული თანხა თითქმის გაორმაგდება და დაახლოებით 12 მილიონ ლარს მიაღწევს.

“ეს უმძიმესი სიტუაცია შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისთვის, თუკი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებები და ფინანსური შეღავათები არ იქნება გათვალისწინებული.”

“ქართული წიგნის ინდუსტრიის გადასარჩენად”, ასოციაცია შემდეგი სახის 9 პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს:

“1.6 თვის განმავლობაში გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების სრულად განთავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან

“2.სახელმწიფოს შუამდგომლობა გრძელვადიან უპროცენტო სესხზე საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლებისთვის

“3.მიმდინარე სესხებზე პროცენტის შემცირება და ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდები

“4.მცირე გრანტების დაწესება პატარა გამომცემლობებისთვის 2000-5000 ლარის ოდენობით

“5.ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი – დაფინანსების გაზრდა სახელმწიფოს მხრიდან

“6.თბილისის წიგნის საერთაშრისო ფესტივალისთვის დაფინანსების გაზრდა სახელმწიფოს მხრიდან, მონაწილეთა საიჯარო ქირის ერთჯერადად შემცირების მიზნით

“7.საქართველოს მწერალთა სახლის მთარგმნელობით გრანტის ხელმეორედ გამოცხადება

“8.ქართველი ავტორების ხელშეწყობა და განათლების გავრცელება სპეციფიკურ ჯგუფებში

“9.სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლების მხარდაჭერა
ა. საბიუჯეტო სახსრების ბაზრის ბევრ მოთამაშეზე გადანაწილება
ბ. საბაზისო ჰონორარები სახელმძღვანელოების ავტორებისთვის”

 

მსგავსი პოსტები

Back to top button