“ქართულმა ოცნებამ ქიზიყში ბატონყმობა დააწესა”
ერთი თქვენებურად, კახურად, შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონყმობა – ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, ყვარელში შეკრებილ ამომრჩევლებს.
ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია,” შემაჯამებელ შეხვედრაზე, გრიგოლ ვაშაძემ, ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და 31 ოქტომბერს ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
“ყვარელში რომ შემოდიხარ, ხედავ, რომ თუ რა გაკეთდა ყვარელში, გაკეთდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ. სწორედ მაშინ დაიწყო ღვინის წარმოების ხელოვნების დონეზე აყვანა, შატოების გახსნა, ქვევრის დაბრუნება და აფრენილ ჩიტს რომ ესვრი ტყვიას, ისე გაჩერდა ეს ყველაფერი 2012 წელს. ქიზიყში ბატონყმობა არ ყოფილა და ამათ დაგვიწესეს 21-ე საუკუნეში. ერთი თქვენებურად, კახურად, შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონყმობა, იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ. მინდა იმ ბავშვებმა, რომლებიც მშობლებს მოჰყვნენ აქ, 31 ოქტომბერს, მშობლების, ბებიების და ბაბუების ჩაგდებული ბიულეტენით, მოიპოვონ იმის გარანტია, რომ არასოდეს მოუწევთ ემიგრაციაში წასვლა”, – განაცხადა ვაშაძემ.
მხარდამჭერებს მიმართა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამაც, რომელმაც ამომრჩეველს აქტიურობისა და ხელისუფლების ცვლილებისაკენ მოუწოდა.
ნიკა მელიამ ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის პოლიტიზებასა და ამ მხრივ წარუმატებელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
შემაჯამებელ შეხვედრაზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მოსახლეობას, კახეთში წარდგენილი ორი კანდიდატის, ლევან ბეჟაშვილისა და გიორგი ბოტკოველის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
შემაჯამებელ შეხვედრას, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა.