“ქართველების ნასახლარებზე ნაგავსაყრელს აშენებდნენ”

“ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის კვალის წაშლისა და მომავალში იძულებით გადაადგილებული მკვიდრი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების გამორიცხვის მიზნით, ოკუპირებულ სოფელ ერედვში, ეთნიკური ქართველების ნასახლარებზე, რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით ნაგავსაყრელის მშენებლობა ხორციელდებოდა”,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. ასეთ პრობლემებს შორისაა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.