ქართველი დედმამიშვილების გამო დაწუნებული მოსამართლეობის კანდიდატი

აფხაზეთში, დე ფაქტო პარლამენტის სესიაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლის კანდიდატურებიც განიხილეს.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატს, ჯემალ გოგიას ჰკითხეს, თუ სად იმყოფებოდა ის 1992-1993 წლებში, რაზეც მან უპასუხა, რომ ამ დროს ის იყო 19 წლის, არ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეხმარებოდა აფხაზ მეომრებს, სახლში მათთვის ამზადებდა სადილს, იმყოფებოდა ოჩამჩირის სოფელ ბასლახუში.
სესიაზე, დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ უშიშროების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წაიკითხა, რომლის თანახამად, მოსამართლეობის კანდიდატს ჰყავს და-ძმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე.
გოგიამ პროკურორს აფხაზურ ენაზე უპასუხა და თქვა, რომ ის პასუხს ვერ აგებს და-ძმის ნაცვლად, მითუმეტეს, რომ მისი ძმა სხვა ოჯახში იზრდებოდა, ხოლო და ცოლად გაჰყვა ქართველს.
მოსამართლის კანდიდატურას მხარს უჭერდა დეპუტატი ბატალ ტაბაღუა. მისი თქმით, გოგია ადრე გენერალურ პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
„გაუგებარია, რატომ მიდის საუბარი იქითკენ, რომ ის აფხაზი არ არის. განა ბევრ ჩვენგანს შეუძლია აფხაზურად საუბარი. სამწუხაროდ, არა. მე არ ვაპირებ ჯემალ გოგიას დაცვას, მაგრამ ასეთი პროფესიონალი აფხაზეთს ერთეულები ჰყავს, ხოლო ვისი და ან ძმა ცხოვრობს საქართველოში, სხვისითაც დაინტერესდით და ბევრ რამეს იპოვით“. – განაცხადა ტაბაღუამ.
საბოლოოდ, კენჭი უყარეს მოსამართლის კანდიდატურას და ჯემალ გოგიამ დეპუტატების ხმების უმრავლესობა ვერ მიიღო.