მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ქართველი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნების მოლოდინში

ქართველი ემიგრანტების ნაწილი უკვე თბილისშია, ნაწილი კი, ბილეთს ვერ შოულობს ან ავიარეისის დანიშვნას ითხოვს. საზღვარგარეთ მყოფი ქართველები არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს მათი ჩამოყვანა საქართველოში.

გერმანიაში მყოფ ქართველებს პრობლემა აქვთ სპეცრეისთან დაკავშირებით, რადგან ბილეთების ყიდვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მათივე თქმით, კომუნიკაციას ვერ ამყარებენ ვერც კომპანიასთან და ვერც საქართველოს მთავრობასთან. ემიგრანტების ნაწილი საცხოვრებელის გარეშეა დარჩენილი და საკვების მოძიებაც უჭირს. გერმანიის საკარანტინო ზონაში ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა თვითმკვლელობა სცადა.

მალტის რესპუბლიკაში ჩარჩენილი ქართველი კი ამბობს, რომ იქ მყოფი საქართველოს 92 მოქალაქე ყველანაირი რესურსის გარეშე დარჩა. საქართველოს 18 მოქალაქეა ამ დრომდე იორდანიაში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზონაა. ქეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი და მოქალაქეებს, გარეთ გასვლა და ელემენტარული საშუალებების ყიდვა არ შეუძლიათ. ჩარჩენილი ქართველები ამბობენ, რომ თუ პრობლემა მალე არ მოგვარდება, მათ ნაწილს ქუჩაში დარჩენა ემუქრება.

ამავდროულად, უცხოეთის ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სპეცრეისები გრძელდება. ხვალ ვარშავა-თბილისის გარდა, რეისი ბერლინიდანაც შესრულდება. 4 აპრილს კი, ავიაკომპანია Georgian Airways საქართველოს მოქალაქეებს უკვე ლონდონიდან ჩამოიყვანს.

7 აპრილს – ათენი-თბილისი, 10 აპრილს კი, ლარნაკა-თბილისის რეისები შესრულდება.

შეგახსენებთ, თბილისში ბურგასიდან ჩამოფრინდა ჩარტერული რეისი, რომლის ბორტზეც საქართველოს 102 მოქალაქე იყო. ყველა მათგანი აეროპორტიდან 14 დღიან სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button