მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქართველი ხალხი “95 მილიონად მშვიდობას ომზე არ გაცვლის” არჩევნებამდე კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს-ოცნება

“ხალხის ძალის” ერთ-ერთ ლიდერს, გურამ მაჭარაშვილს იმედი აქვს, რომ სამი თვის შემდეგ, როდესაც, მისი თქმით, არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოსთან მიმართებაში, კვლავ დიპლომატიურ ენაზე ალაპარაკდება.
ბოლო თვეების განმავლობაში რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მიმართულია საქართველოს ხელისუფლების ე.წ. დაშანტაჟებისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ საქართველოში ქართველი ხალხი თავის სამშობლოსა და ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად ან 95 მილიარდად, ძალიან ცდება.
„ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც სწორად განჭვრიტა ის დეზინფორმაცია, რაც საქართველოზე მოდიოდა, რომ აქ უკრიანიზაცია უნდა მომხდარიყო. ახლა რომ ჩვენ გვასწრებს უკვე რადიკალური ოპოზიცია ე.წ. რუსეთუმეობაში, თურმე ყველაფერი პრაგმატული კარგი ყოფილა საქართველოსთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ ეს პოზიცია შეინარჩუნა. ეს ყველაფერი ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას არ ემსახურება.
საზოგადოებას ჩვენ ვეუბნებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად, მყისიერად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან თუ ვინმეს გონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში მშვიდობას ომზე გაცვლის , 95 მილიონად, ძალიან ცდება. როდესაც ქართველ ხალხს ეუბნები უარს ფულის დახმარებაზე და ამ დროს აფინანსებს იმ NGO სექტორს, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, აქ მეგობრობაზე საუბარი ვერ იქნება. ყველას ვარწმუნებ, რომ სამი თვის შემდეგ, როცა ყველა ნახავს, რომ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ისევ აირჩია მშვიდობა და სუვერენიტეტი ამერიკა, ევროკავშირიც და ყველა ქვეყანა აუცილებლად გადალაგდება იმ დიპლომატიურ და მეგობრულ ენაზე, რომელიც ორი სამი წლის წინ იყო საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არჩევნებამდე კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს, რათა წინასაარჩევნოდ შეიქმნას დაძაბულობის განცდა – ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი და ეს ყველაფერი არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ აქ რევოლუციური განცდები შეიქმნას, რასაც სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური რეაგირება მოჰყვება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
“95 მლნ დოლარი ახლა შეაჩერეს ქართული სახელმწიფოს დასახმარებლად, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მეტი მოხდება არჩევნებამდე პირიქით, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნას დაძაბულობის განცდა. კიდევ უფრო მეტ რამეს გავიგებთ და კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს. როდესაც დასრულდება არჩევნები და დასრულდება იმ შედეგით, რომელსაც ველით, ყველანი ხელახლა დავიწყებთ საუბარს. მანამდე, გაცხადებულია ბევრი საერთაშორისო აქტორის მხრიდან, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი და ეს ყველაფერი არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა გასული თვეების განმავლობაში.
ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ აქ რაღაც რევოლუციური განცდები შეიქმნას. ამ რევოლუციური განცდების შექმნას მოჰყვება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური რეაგირება და ყველაფერს დარქმევა თავისი სახელი. ვნახოთ, ბოლოს ვისი აჯობებს. მე გეუბნებით, რომ აჯობებს ჩვენი და ყველას მოუწევს ამასთან შეგუება,” – განაცხადა დავითულიანმა.

თუ რამე ფინანსური ნაკადი მოდიოდა აშშ-დან მთავრობისკენ, ის არ ხმარდებოდა მთავრობას და „ქართულ ოცნებას“, არამედ თითოეული ცენტი, რომლითაც ამერიკელი გადამხდელები ეხმარებოდნენ საქართველოს, მიემართებოდა და ხმარდებოდა ქართველ ხალხს! განსხვავებით იმ ფულადი ნაკადებისაგან, რომელთაც ეპატრონებიან და გველეშაპებივით არიან გადამჯდარი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული მტაცებელი „ენჯეოები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების საპასუხოდ წერს, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს.
ოდიშარიას განცხადებით, 34 წლის მანძილზე 6,5-მილიარდიან დახმარებასთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან წამოძახებას რაც შეეხება, „ამავე პერიოდში, მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, აქვს გაღებული მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის ქველმოქმედების სახით და ამის შესახებ არასოდეს უსაუბრიათ არც მას და არც მის ოჯახს“.
„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბატონ ბლინკენის ასეთი შინაარსის განცხადება, მით უმეტეს, ამ ფორმით. ვფიქრობ, ის არ ჯდება მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებში. ასევე მიმაჩნია, საუბარი იმის თაობაზე, რომ მთავრობას უუქმდება რაიმე ტიპის დაფინანსება, რეალობას აცდენილია, რადგან, თუ რამე ფინანსური ნაკადი მოდიოდა აშშ-დან მთავრობისკენ, ის არ ხმარდებოდა მთავრობას და „ქართულ ოცნებას“, არამედ თითოეული ცენტი, რომლითაც ამერიკელი გადამხდელები ეხმარებოდნენ საქართველოს, მიემართებოდა და ხმარდებოდა ქართველ ხალხს! განსხვავებით იმ ფულადი ნაკადებისაგან, რომელთაც ეპატრონებიან და გველეშაპებივით არიან გადამჯდარი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული მტაცებელი „ენჯეოები!!!“ ამიტომ გაუგებარია რისთვის ისჯებიან საქართველოს მოქალაქენი?! ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, რომ „ენჯეოებად“ ცნობილი პარტიული დანამატები მოქმედებენ ავაზაკურად და დონორების მიერ გამოყოფილ თანხებს, საკუთარი ჯიბეების გარდა, მიმართავენ ათასგვარი მანკიერი და მავნებელი აქტივობებისაკენ! მათ შორის, ანტიეროვნული, ანტიეკლესიური, ქართულ ტრადიციებთან და ფასეულობებთან შეუთავსებელი პროპაგანდის ფარული ხელშეწყობისა და ძალადობრივი რევოლუციური სცენარების შემუშავებისათვის! ვფიქრობ, დროა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იმსჯელონ ქართველი ხალხის ზნისა და ხასიათის თაობაზე, ქართველი ხალხის ქცევის საფუძველზე და არა კოლექტიური ლომჯარია-გიგაურის ზნისა და ფერის ირგვლივ ჩამოყალიბებული აღქმებით. ქართველი კაცი მადლიერია, მადლიერება მისი ბუნების და დეენემის ნაწილია, მაგრამ არაფერი მოსწონს და არც სურს დაყვედრებული!!! ანალოგიური შინაარსის გამონათქვამი ფართოდაა გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში.
რაც შეეხება იმ შეხსენებას თუ წამოძახებას 34 წლის მანძილზე 6,5-მილიარდიან დახმარებასთან დაკავშირებით, მინდა, აქვე საზოგადოებას შევახსენო, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს, აქვს გაღებული იმავე პერიოდში მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის ქველმოქმედების სახით და ამის შესახებ დღემდე არც მას და არც მის ოჯახს ამის თაობაზე არასოდეს უსაუბრიათ! ხალხისათვის დაყვედრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი!!! მიუხედავად ყველაფრისა, იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში მალე დასრულდება ომი, შეიცვლება პოლიტიკური კონტექსტი და ამჟამინდელი არაჯანსაღი ინტერესი საქართველოს მიმართ და ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება კვლავ იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის, რადგან არ არსებობენ მუდმივი მტრები თუ მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ღრმად მწამს, რომ საქართველო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მუდმივი ინტერესების განუყოფელი ნაწილია არა მხოლოდ რეგიონში უნიკალური გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, არამედ ხალხის და ხელისუფლების უღალატო დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატება სტრატეგიული პარტნიორების ერთგულებასა და უპირობო მხარდაჭერაში. ეს კი არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ, სუვერენულ ქვეყანას, მის ხალხს და სახელმწიფოს”, – წერს ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინი წილოსანის განცხადებით, ხელისუფლებისთვის უცნობია რა დაფინანსებაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები.
მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან დახმარების გაყინვას საზოგადოებაში ანტი “ქართული ოცნების” განწყობის ჩამოყალიბებას ემსახურება.
“ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უცნობი არის რა დაფინანსებაზეა საუბარი, ან ვის მიემართებოდა. ამ ეტაპზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო არკვევს კონკრეტულად რაზე არის საუბარი. უცნაურია ის ფაქტი, რომ განცხადება უსწრებს იმას წინ, რაც წესით მთავრობათა შორის უნდა ხდებოდეს და ირკვეოდეს. ეს ყველაფერი უფრო მეტად მიემართება იმისთვის, რომ მოქალაქეებში შეიქმნას ანტი “ქართული ოცნების” განწყობა და აღქმა. რეალურად, ყველა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენი მოქალაქეების განწყობა იქნება იმ პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში და არა იმ განცხადებებით, რომელიც ქვეყნის გარედან მოემართება”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის შეჩერებაზე კომენტარის გაკეთება ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის დასურლების შემდეგ მოუწია. როგორც მედიის კითხვის პასუხად დავითაშვილმა განაცხადა, მან არ იცის რა ტრანშზე თუ დახმარებაზეა საუბარი. რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლება ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
“საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, ეს არის ძალიან ცალსახა, შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. ალბათ, უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე, ან რაზე იყო ლაპარაკი, რა პროექტზე. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია.” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი. მიზეზად საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები სახელდება.

აშშ საქართველოს მთავრობას უჩერებს 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას

მსგავსი პოსტები

Back to top button