მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და NATO-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს-ობრაიანი ქართულ ოცნებას პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიანი ქართულ ოცნებას პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებს.

როგორც ობრაიენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები აშშ-სთან და ევროკავშირთან შეუთავსებელია.

“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და რიტორიკით, რომელიც ქართული ოცნების ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობისგან მოდის. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და NATO-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერმინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ აქვთ მოლოდინი, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნიან.

ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან გასაგებად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული “უცხოური აგენტების კანონი”, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება – ეს ყველაფერი არ მოდის აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან თავსებადობაში.

ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ”, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

გარდა ამისა, ობრაიენის თქმით, ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევენ.

დღეს სამწუხარო დღეა, იმიტომ რომ უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი, სადაც მთავრობა მოძრაობს არა ევროკავშირის მიმართულებით არამედ მის საწინააღმდეგოდ. სამაგიეროდ ხვალ არის სასიხარულო დღე, რადგან განვიხილავთ მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასთან და მოლდოვასთან – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ლუქსემბურგის მინისტერიალის დაწყებამდე.

გადაიხედება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხი და დაუწესდება თუ არა ოცნების მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანას დამატებითი ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები? ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს იმსჯელებენ:

“საქართველოს შესახებ მთავარი იქნება ის, რომ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის ქცევას, თუ არ გააუქმებს უცხოელი აგენტების კანონს. გარდა ამისა, არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა იქნას მიღებული და მათ შორის არის ფინანსური დახმარების შეჩერება. ასევე იქნება საუბარი შენგენის ვიზების აკრძალვაზე მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, იმიტომ რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას.” განაცხადა ცაჰკნამ.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოც იქნება. დღევანდელ შეკრებაზე რუსული კანონის გამო საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ბრიუსელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, მსჯელობა შეეხება მათ შორის რეაგირების მექანიზმებსაც, რომელთა შორისაა – პერსონალური სანქციები, სამთავრობო დაფინანსების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button