მნიშვნელოვანისიახლეები

ქართველი ხალხის დაკვეთა ოცნებამ შეასრულა

დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ქართველი ხალხის “საეტაპო წარმატებაა”. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას ეს “მთავრობას შეუკვეთა”, ხოლო მთავრობა “დავალებას ასრულებს”. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

“ქართველი ხალხის დაკვეთაა ყველაფერი, რაც ხდება, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება აწარმოებს ამ მოლაპარაკებებს, ამ სამუშაოებს და ქართველი ხალხის გამარჯვებაა – ერთ-ერთი საეტაპო, ასე დავარქვათ, არც დავაკნინოთ და არც, ვთქვათ, ზედმეტი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ – ქართველი ხალხის საეტაპო წარმატებაა ევროინტეგრაციის გზაზე დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკომისიისა, რომ პოზიტიური დასკვნა და რეკომენდაცია გაიცა ამ ქვეყნისთვის და ეს შეუკვეთა ქართველმა ხალხმა საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობა ამ დავალებას ასრულებს”, – თქვა მდინარაძემ.

აქვე, მან მოულოცა უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა თქვა, რომ მათი არ “შურთ”. მდინარაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სიარული მარტივი არ არის, “მით უმეტეს, როცა ღისებით” უნდა იარო. ის აღნიშნავს, რომ მათ ეს “შეძლეს”.

“ვულოცავთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს – უკრაინას და მოლდოვას ამ წარმატებას, ჩვენ გვიხარია, თუმცა ნამდვილად არ გვშურს მათი […] მთავარია, რომ რეკომენდაცია გაიცა, მთავარია, რომ ჩვენ ამ გზაზე ვიარეთ ღირსებით, ჩვენ ამ შედეგს მივაღწიეთ. თქვენ გახსოვთ, რომ ბევრი ჩვენი ოპონენტი ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო და ეს ვერ და არ მოხდებოდა, მაგრამ ეს მოხდა, გარკვეული დეტალები, სამუშაო დეტალები, სამუშაო ფორმატში გაგრძელდება.

დიახ, მუშაობა სჭირდება ბევრი, ევროინტეგრაციის გზაზე სიარული მარტივი არ არის და მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა შენ ღირსებით უნდა იარო, შენი ეროვნული ინტერესები უნდა გაატარაო, ამავდროულად, თანხვედრაში უნდა იყოს ეს ყველა რეკომენდაციასთან, ყველა ინტერპრეტაციასთანაც კი და მათი სამართლიანი გამორიცხვა უნდა მოახერხო, ხალხს სწორად უნდა ესაუბრო, ღირსება უნდა შეუნარჩუნო, მშვიდობა უნდა შეუნარჩუნო და ამავდროულად, ყველა საკითხთან დაკავშირებით ადეკვატური პასუხები უნდა გქონდეს.

ეს არ არის მარტივი ამბავი და ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს ყველა დეტალთან დაკავშირებით სამუშაო რა შეიძლება იყოს”, – განაცხადა მან.

მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი იქნება 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაც.

„20 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამ 20 თვის განმავლობაში, ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა – სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს.

ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის მანძილზე უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობაც შეინარჩუნა და ახლა უკვე, კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს – ყველა პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესში საქართველოს გულშემატკივრობდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი.

ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას “ყველას მიღწევას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს.

“ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა ევროპის ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი. ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ძლიერი პასუხი საქართველოს ოკუპაციაზე, რომ საქართველო არ არის მარტო და ჩვენ გვერდით დგანან ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები.

ეს არის ევროკავშირის მიერ მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილების პირველი ნაბიჯი. დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს. ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს, ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი, ეს ყველა ჩვენგანის საერთო მიღწევაა”, – აღნიშნა მან.

ევროკომისიის გადაწყვეტილება არის საქართველოს მიერ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ ბრიუსელიდან ეხმაურება.

მისი თქმით, ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება.

“გილოცავ, საქართველო! ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ეს არის საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. ველით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში,” – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.

ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც სამხარაძე წერს, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

„შესანიშნავი სიახლე საქართველოსთვის. ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს არის წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა უამრავმა საჯარო მოხელემ, პარლამენტის წევრებმა, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა 2030 წლისთვის ევროკავშირში გავწევრიანდეთ“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია, ურყევია ქართველი ხალხის ნება – საერთო ღირებულებების დაცვით, ქართული, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, მმართველი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, იქნება ეს გატარებული რეფორმები თუ იმ არაერთი გამოწვევის დაძლევა, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს მიზანმიმართულად.

ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ხელის შეშლის, საბოტაჟის, პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმის, პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ერთგულია თავისი პრინციპების და არასდროს გადაუხვევს ქართველი ხალხის ნებას და ჩვენს მთავარ მიზანს.

უდავოა, საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში მიაღწია დიდ პროგრესს და ამის აღიარება, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

მადლობას ვუხდით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გასწია.

ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც კეთილსინდისიერად, პროფესიულად ემსახურება ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას ევროინტეგრაციის კუთხით.

მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი“, – აღნიშნავს კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button