სრული უიმედობის დროს ივანიშვილმა ქართველები გააერთიანა-ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ-ოცნება 11წელს აფასებს

2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს
სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია.
პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ისწაფვის.
„2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს.
სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის ასეთმა კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია − ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი, გავატარეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, ხელი შევუწყვეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების − ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ვისწრაფით.
მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალას გვაძლევს ხალხის უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების” თითოეულ წევრსა თუ მხარდამჭერს, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
ქართული სახელმწიფოს ძალა სწორედ ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაშია და მჯერა, რომ ეს ერთიანობა საბოლოო გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – წერს პრემიერი.
წერს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების 11 წელთან დაკავშირებით.
პირველი ოქტომბერი გამორჩეული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამ დღეს გაიმარჯვა ქართველი ხალხის ნებამ და სურვილმა, ებრძოლა უკეთესი მომავლისთვის და ეშენებინა სახელმწიფო, სადაც მთავარი და უმთავრესი ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დიდია ბიძინა ივანიშვილის როლი.
„ამ გამარჯვებაში უდიდესია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელმაც შიშსა და უიმედობაში მყოფ საზოგადოებას დაანახა გზა და მისცა რწმენა იმისა, რომ ვერანაირი ავტორიტარული რეჟიმი ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას. გამარჯვება არის იქ, სადაც სიმართლე და ერთიანობაა. სწორედ ეს არის ძალა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა და ეყრდნობა „ქართული ოცნება“. პირველ ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ჩვენს მხარდამჭერებს. ვულოცავ ყველას, ვინც დღესაც იბრძვის საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – წერს კალაძე.
ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში არ მომხდარა ისეთი რამ, რაც სტაბილურობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის ქვეშ დააყენებდა, ამავდროულად, ხალხი გათავისუფლდა იმ წნეხისაგან, რა წნეხიც იმ რეჟიმის დროს იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს წარმატებისკენ სვლას.
„დღეს ბიზნესი ხელშეუხებელია და ყველა ბიზნესმენი თავისუფალია თავის ქმედებაში, მათ შორის, პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობაც შეუძლიათ. გახსოვთ, რომ მაშინ არათუ ბიზნესმენი, ნებისმიერი ადამიანი დიდი დარტყმის ქვეშ დგებოდა, თუ ის პოლიტიკაში გადაწყვეტდა მოსვლას. მედიასივრცე მრავალფეროვანია, ოპოზიციურად განწყობილი მედიაც თანაბრადაა ჩვენს მედიასივრცეში წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ სამართალდამცავი და სასამართლოც ძირფესვიანადაა შეცვლილი, ციხეებში მდგომარეობა შეცვლილია, მნიშვნელოვნად შემცირებულია ადამიანების ციხეებში მოხვედრა და თვითონ ციხეშიც სხვა პირობებია ჩვენი მოქალაქეებისათვის. ეს მართლაც არის მათი სოციალური რეაბილიტაციის საფუძვლის მომცემი. ქვეყანამ ამ მშვიდობიან პერიოდში სტაბილური განვითარების საშუალება მიიღო, რაც ეკონომიკაზეც აისახა, სოციალურ პროგრამაზეც, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვიდან, დამთავრებული იმით რომ, პენსიების და ხელფასების მატება უკვე ყოველწლიურად, ფაქტობრივად, ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს სვლას ევროპისკენ და ამ ხნის განმავლობაში ყველა წარმატება, დაწყებული ევროასოციაციიდან, უვიზო რეჟიმი, საყოველთაო ვაჭრობის ხელშეკრულება ამ ხელისუფლების მონაპოვარია. ჩვენ დავინახავთ, რომ ამ წლის ბოლოს, იმედია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და ამ გამოწვევებს ყოველთვის ღიად და ნათლად ვუყურებთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რჩება სწორედ სიღარიბე და ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მესამე წელია საქართველოს მკაფიოდ გააჩნია, საბოლოო ჯამში მიმართული იქნება იქითკენ, რომ სიღარიბე ამ ქვეყანაში დამარცხდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.