ქართველი მუსიკოსები ამერიკაში ჯაზ ფესტივალზე მიემგზავრებიან

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”Art Bridge”-ის ინიციატივით ქართველი ჯაზ-შემსრულებლები – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე (საქსოფონი) და ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები მიხეილ ჯაფარიძე (კონტრაბასი) და დიმიტრი ლეკვეიშვილი (საქსოფონი) მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში Jazz Fest 2017-ზე, რომელიც კენტუკის შტატიs ქ.ლუვილში 22-25 თებერვალს გაიმართება.-ამის შესახებ რადიო თბილისს ორგანიზატორებმა განუცხადეს.

ქართველი მუსიკოსები ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე – International Night  დაუკრავენ. Jazz Fest ოცდამეხუთედ ტარდება, და ქართველ მუსიკოსებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები ბრაზილიიდან, ეკვადორიდან და კოლუმბიიდან.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ისინი ჩართულები იქნებიან ყველა საფესტივალო ღონისძიებაში – ესენია მასტერკლასები, კონცერტები და ლექციები. გარდა ფესტივალში მონაწილეობისა, ქართველი მუსიკოსები შეძლებენ ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლის რეგულარული კლასების დასწრებას და უშუალოდ სწავლის პროცესის თვწალყურის დევნას.

მათი თქმით, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას Kavkaz Jazz ფესტივალს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ლუვილის უნივერსიტეტის ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლას შორის.

Kavkaz Jazz ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან  ტარდება და მისი ერთერთი მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსების სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა. პირველად, 2015 წლის ოქტომბერში, Art Bridge და Kavkaz Jazz ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ელენე მეჩიტოვა ეწვია ლუვილის უნივერსიტეტს საერთაშორისო პროგრამის CEC  Artslink ფარგლებში. თამამშრომლობა გაგრძელდა 2016 წლის ივნისში, როდესაც Kavkaz Jazz ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა,  რომელსაც  ლუვილის უნივერსიტეტის ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი მაიკლ ტრეისი  (საქსოფონი) და ამავე სკოლის პროფესორი კრეიგ ვაგნერი (გიტარა) გაუძღვნენ. მასტერ-კლასებში მონაწილოება კონსერვატორიის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

Kavkaz Jazz ფესტივალის საგანმანათლებლო პროგრამა ვრცლად გააშუქდა ამერიკის სხვადასხვა მედია-საშუალებაში. ფესტივალს შესახებ ინფორმაცია ამერიკის გავლენიანი ჯაზ-ჟურნალის Down Beat-ის ფურცლებზეც მოხვდა. 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button