ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
კლასიკური მუსიკის სამყარო, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და აღიარებულ მევიოლინეს გლოვობს. 78 წლის ასაკში, ლეგენდარული ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა. ვუნდერკინდი, რომელმაც ვიოლინოზე დაკვრა 3 წლის ასაკში ისწავლა, ყოველთვის გამოირჩეოდა ვირტუოზულობითა და არტისტიზმით, მის მიერ შესრულებულ კომპოზიციებზე კი დარბაზი ფეხზე დგებოდა და ოვაციები არ წყდებოდა.
ლიანა ისაკაძის კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ ასობით კონცერტი გამართა. 1990 წელს ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლ შტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც იქ უკვე ოც წელზე მეტია “ქართული კამერული ორკესტრის” სახელით მოღვაწეობს.
ლიანა ისაკაძემ, ორი წელიწადში, ამავე ქალაქში, თავისი პედაგოგის სახელობის მუსიკალური აკადემია დააარსა. არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის “ღამის სერენადების” ორგანიზატორი.
ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს დაკრძალავენ, მისი სამოქალაქო პანაშვიდი კი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება.
ქართველ მუსიკოსს, მევიოლინეს, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტს, ლიანა ისაკაძეს კვირას დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პანაშვიდი ვერის სასაფლაოზე მდებარე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დაგეგმილი.
„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით ვუერთდებით საერთო მწუხარებას უდიდესი მუსიკოსის, ვიოლინოს ჯადოქრის, ქალბატონ ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოს დიდ მუსიკალურ საზოგადოებას. პანაშვიდები დაგეგმილია ვერის სასაფლაოზე მდებარე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარში. გასვენება – კვირას, 7 ივლისს, 14:00 საათზე კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან“,-აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა – 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.