ქართველი ჟურნალისტები ბრიტანულ გამოცდილებას მიიღებენ
30 აპრილს, ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში, სასტუმრო “ვეძისში” ჟურნალისტებისათვის სპეციალური ტრენინგები იწყება.
ტრენინგის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია.
პროექტის მიზანია საქართველოში ახალი, ეროვნული დამოუკიდებელი მედია პროფკავშირის განვითარება. ამ მიზნით პროექტი ამზადებს ლიდერებს და აქტივისტებს, რომლებიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი აღნიშნულ საქმიანობაში.
პროექტის ფარგლებში სპეციალურ სწავლებას გაივლიან ახალგაზრდა ჟურნალისტები და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები. მონაწილეები შეისწავლიან მედია-პროფკავშირული საქმიანობის ორგანიზებას, რექრუიტინგს; გაეცნობიან მედია პროფკავშირების მუშაობის ბრიტანულ მოდელს. ტრენინგის მონაწილეები, მომავალში, პროექტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებენ მედია-პროფკავშრებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში.
ტრენინგს, ადგილობრივ ტრენერებთან:ირინა ალიაშვილთან (ჟურნალისტი) და რამაზ სამხარაძესთან (რადიო ჰერეთის დირექტორი) ერთად, ჩაატარებს ბრიტანელი ექსპერტი პროფესიულ გაერთიანებებთან დაკავშირებულ საკითხებში, BBC-ის პროფესიული გაერთიანების წარმომადგენელი არჯუმანდ ვაჯიდი.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტი – “Improving the Capacity of Journalists Trade Union in South Caucasus”, მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში ასოციაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში, რომ შეისწავლოს მედიაში არსებული მდგომარეობა. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და რიგი ღონისძიებები.
“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” 2000 წლიდან არის “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” წევრი ორგანიზაცია.