მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ქართველმა ფეხბურთელებმა მსოფლიო მედიაგამოცემების პირველი გვერდები ისევე დაიპყრეს

"ჩვენ დავბრუნდებით, კიდევ უფრო ძლიერები" - ამ სიტყვებს ტოვებს ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველო ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია – უკვე მე-17 დღეა, მთელი ევროპა ერთი პატარა ქვეყნის დიდი ფეხბურთელების წარმატების შესახებ საუბრობს. ფეხბურთელების, რომლებმაც ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნება რეალობად აქციეს და ევრო 2024-ზე ყველა გააოცეს. გააოცეს თავგანწირვით, ტექნიკით, შემართებითა და წინსვლით. “ჯვაროსნებმა” მთელს მსოფლიოს აჩვენეს, რომ ძალა მართლაც ერთობაშია, ისტორიაში პირველად, სამშობლო ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს და მერვედფინალში სენსაციური შედეგით გადავიდნენ.
ქართველმა ფეხბურთელებმა მსოფლიო მედიაგამოცემების პირველი გვერდები ისევე დაიპყრეს, როგორც ფეხბურთის გულშემატკივართა გულები.

BBC წერს, რომ საქართველომ მთავარ ევროპულ ტურნირზე დებიუტით უნდა იამაყოს, “გარდიანი”კი ნაკრების ფეხბურთელებს გმირებს უწოდებს.
საქართველომ მთავარ ევროპულ ტურნირზე დებიუტით უნდა იამაყოს, – ამის შესახებ „ბიბისის“ რადიო სპორტი წერს.
„საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა ამ ტურნირზე იმისთვის, რომ მათი გულშემატკივრები ამაყი იყვნენ“, – აღნიშნულია „ბიბისის“ რადიო სპორტის გვერდზე.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობასთან დაკავშირებით „გარდიანიც“ წერს.
„საქართველოს რბოლა შეიძლება დასრულდა, მაგრამ რა წარმოდგენა იყო. პორტუგალიასთან გამარჯვება სამუდამოდ დარჩება მათ საფეხბურთო ისტორიაში“, – აღნიშნულია გამოცემის გვერდზე.

საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა, – ამის შესახებ „ფოქს სოკერი“ წერს.
„მოუთმენლად ველოდებით მათ მომავალშიც. მადლობა, საქართველო“, – აღნიშნულია „ფოქს სოკერის“ გვერდზე.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები გუშინ ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024-ზე ასპარეზობა დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერიც გამოეხმაურა და გუნდს და მის მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა.

EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშს ის კლუბებიც აფასებენ, სადაც ქართველი სპორტსმენები თამაშობენ. გიორგი ჩაკვეტაძის თამაშებზე სოციალურ ქსელში ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა “უოტფორდმა” დაწერა.

ესპანური საფეხბურთო კლუბი “ლევანტე” კი EURO -2024-ზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი ქოჩორაშვილის ჩატარებულ თამაშებზე წერს.„საქართველოს ისტორიული შედეგი გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად. თქვენ შექმენით ისტორია“, – წერს „ლევანტე“ სოციალურ ქსელში.

ესპანურმა “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებულ თამაშზე გაამახვილა ყურადღება.
ქართველ მეკარეს, ჩატარებულ 4 შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა. მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკური გვერდის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა, EURO 2024-ზე კი, ის საუკეთესო მეკარეებს შორის პირველ ადგილს იკავებს.პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე, მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ტოლდოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა, აკინფეევს კი – 5.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა.

ინგლისური საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი“ ევრო-2024-ზე გიორგი ჩაკვეტაძის მიერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ თამაშებს ეხმაურება.
„ტურნირი, რომლითაც შეგიძლია, იამაყო. ყოჩაღ, გიორგი!“ – წერს საფეხბურთო კლუბი სოციალურ ქსელში.

ქართველ ფეხბურთელებზე მსოფლიოს საუკეთესო კლუბები მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლებიან. ახლა, წამყვანი გუნდების მწვრთნელები, “ჯვაროსნებს” თავიანთ გუნდებში ეპატიჟებიან.
საქართველო ისევ საათებს ითვლის – ამჯერად უკვე საკუთარი გმირების დახვედრის მოლოდინში. პირველად ევროპის ჩემპიონატზე და პირველად მერვედფინალში.
მომავლის გუნდი და EURO 2024-ის აღმოჩენა – ეროვნული ნაკრების მთავარი მიზანი შესრულებულია – საქართველო საკუთარი ფეხბურთელებით ამაყობს.
დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია, თუმცა რეალურად ყველაფერი ახლა იწყება. ქართველები კიდევ ბევრჯერ იმღერებენ ეროვნულ ჰიმნს ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს დიდ სტადიონებზე.
“ჩვენ დავბრუნდებით, კიდევ უფრო ძლიერები” – ამ სიტყვებს ტოვებს ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე. EURO 2024-დან კი, ის ევროპის უძლიერესმა გუნდმა და ჩემპიონობის ყველაზე რეალურმა კანდიდატმა გამოთიშა. ამის მიუხედავად, ნაკრებმა რომელსაც ზურგს სამ მილიონ ნახევარი ადამიანი უმაგრებს, დღეს, გვიან ღამით, სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება.
“ფეხბურთზე შეშლილი ქვეყანა” – ასე უწოდებენ საქართველოს, რომელიც ზუსტად ისევე დახვდება სამშობლოში ნაკრებს, როგორი გულშემატკივრობაც ჰქონდათ მათ გერმანიაში.

“ჯვაროსნებს” თანამემამულეები სამშობლოში, ფეხბურთის მოყვარულები კი მსოფლიო ჩემპიონატზე ელოდებიან. მანამდე კი პატარა ქვეყნის დიდი ისტორიის დამწერი ბიჭები, სენსაციური თამაშების შემდეგ გასახდელში საქართველოს უმღერიან და პირობას დებენ, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდ მწვერვალებზე აიყვანენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button