ყარაბაღში 5 ადამიანი დაიღუპა, 19 დაიჭრა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 25 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ რეგიონში მომხდარი შეტაკებების დროს, 5 ადამიანი დაიღუპადა, 19 დაიჭრა.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან დაიღუპა 1 და დაიჭრა 3 სამხედრო მოსამსახურე. დანარჩენი დაღუპული და დაჭრილი სომხეთის მხრიდანაა.
კონფლიქტის მორიგ ესკალაციას მხარეები ერთმანეთს აბრალებენ. კერძოდ, სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი არტილერიის გამოყენებით დაბომბა, ხოლო აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სომხეთმა, გასული დღეღამის განმავლობაში, 74-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
25 სექტემბერს, ეუთოს წარმომადგენელთა მინსკის ჯგუფმა, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობს, განაცხადა, რომ ორივე მხარემ, საცხოვრებელ კვარტალებში, არტილერია და მძიმე დანადგარები გამოიყენა, რაც ადამიანების მასობრივ დაღუპვას იწვევს. მსგავს ქმედებებს ეუთო მიუღებლად მიიჩნევს.