მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყარაჯალაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ზეწოლაში და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი „ნაციონალური მოძრაობას“ ზეწოლასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

აღაჯალა ოღუჯოვის მტკიცებით, იმის გამო, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერია და მათ სასარგებლოდ სოფელში აგიტაციას ეწევა, გვიან ღამით უცნობი პირები სოფლის ცენტრში დახვდნენ და პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ოღუჯოვი „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს ახსენებს და ფიქრობს, რომ მისი დაშინება სწორედ ბოტკოველის და მისი გარემოცვის ინტერესებში შედის.

„ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში მერე რას იზავ?!“, – ამ სიტყვებით 70 წლის კაცი უცნობმა პირებმა გააფრთხილეს და უთხრეს, რომ „ქართული ოცნება“ მისთვის სასურველი პარტია არ უნდა ყოფილიყო.

„მეჩეთიდან სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც ჩემთვის უცნობმა პირებმა მანქანა გააჩერეს. სამი ადამიანი იჯდა ავტომობილში, ბნელოდა, ამიტომ სახეები ვერ გავარჩიე. მითხრეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და ამ პარტიის აგიტაცია უნდა შემეწყვიტა.

„დადექ შენ ადგილზე“ ზუსტად ასე მითხრეს. დამემუქრნენ, რომ მალე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და სოფელში დარჩენის სურვილი აღარ მექნებოდა. მე არაფრის არ მეშინია, რადგან „ნაცონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ სოფელში მხოლოდ უკანონოდ მიწების გასხვისება შეძლო, მათ შორის სოფლის საძოვრები. ახლა ყველა მშვიდად ვართ და არც მათი მეშინია“, – ამბობს აღაჯალა ოღუჯოვი.

აღაჯალა ოღუჯოვი განმარტებით, სოფელში პატივს სცემენ და აქვს ავტორიტეტი, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მისი მისამართით მას შემდეგ გააქტიურდნენ, როდესაც გიორგი ბოტკოველი ამომრჩეველთა მოსყიდვაში ღიად დაადანაშაულა.

„მე რაც ხმამაღლა დავიწყე საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სოფელ ყარაჯალაში თანხას არიგებნენ და ხმებს ამ ფრომით ყიდულობდნენ, მას შემდეგ დაიწყო ჩემს მიმართ მსგავსი მუქარები. მაინც ვერაფერს გახდებიან“, – ამბობს ოღუჯოვი.

„ეს ჯგუფი მთელი 9 წლის განმავლობაში, რასაც ახორციელებდნენ ზეწოლას, მუქარასა და შანტაჟს ამ სტილს მაინც არ მოეშვნენ. ესენი არიან მგლები ბატკნის ქურქში“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მომხდარს თელავის საკრებულოს წევრი და სოფელ ყარაჯალაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ მუსაევი. მისი თქმით, სამართლებრივ რეაგირებას არ გამორიცხავს და ოპოზიციას მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი მუქარები და დაშინების პოლიტიკა.

„70 წლის კაცს სამ ადამიანს რომ მიუგზავნი, ხან ტონს აუწევ, ხან მშვიდად ელაპარაკები, რაღაც ხრიკებით რომ გინდა ადამიანზე განახორციელო ზეწოლა, კითხვას ვსვამ – რამე რომ მოსვლოდა ამ ადამიანს ნერვიულობით ვინ აგებდა ამაზე პასუხს? ოპოზიციას მოვუწოდებ ამგვარი ქმედებების შეწყვეტისკენ, ეს კანონით დასჯადია. თუ არ მოეშვებიან, დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, – ამბობს ზურაბ მუსაევი.

აღაჯალა ოღუჯოვი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მუქარის შემცველი შეხვედრები კიდევ გაგრძელდება, პოლიციას სამართლებრივი რეაგირებისთვის მიმართოს.

რადიო ჰერეთი ცდილობს დაუკავშირდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და წაყენებულ ბრალდებებზე მათი პოზიცია შემოგთავაზოთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button