ყაველაშვილი 9 მაისს რუსეთში აღლუმს არ დაესწრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს. პრესსამსახურში ამბობენ რომ რომ პრეზიდენტს მიწვევაც კი არ მიუღია.
“დეზინფორმაციაა, მოგონილი ამბავია, დაწერილი რაღაც სანდო წყაროზე. არ ვადასტურებთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ამაზე არასდროს ყოფილა საუბარი”- ამბობს დანიშნული პრეზიდენტის პრესმდივანი ანუკი კანკია.
ამ თემაზე დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბრიფინგი გამართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადეს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას და სამხედრო აღლუმზე დასწრებას აპირებს.
„ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად, ახლა უკვე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოწვევა არალეგიტიმურ დე ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიღებული აქვს და რომ ღალატის ქრონიკის კულმინაციად, რომელსაც გასული კვირების განმავლობაში ვუყურებდით ღალატის კომისიაში, სწორედ წითელ მოედანზე ყაველაშვილის პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმის ჩაბარება იგეგმება“.
შეფასება გაკეთდა მმართველ გუნდშიც, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დეზინფორმაციასა და აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობაზე ისაუბრეს.
ყოველ წელს, 9 მაისს, რუსეთი “დიდ სამამულო ომში” გამარჯვებას აღნიშნავს.
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს მარია ზახაროვას გამოცემა SOVA-მ ამ თემაზე შეკითხვა დაუსვა. ზახაროვამ მიწვეულ სტუმრებს შორის მიხეილ ყაველაშვილის ყოფნა არც უარყო და არც დაადასტურა.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში მიწვეულია ოცნების ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის აგენტობის ბრალდებით დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძე.