ყაველაშვილი ვატიკანში, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას;
დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას.
საქართველო ნამდვილად ამაყობს და აფასებს წმინდა საყდართან არსებულ ისტორიულ კავშირებს და მზად არის, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები!“, – წერს ყაველაშვილი.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ბოჭორიშვილმა რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომის ახალ პაპთან ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ ლეო XIV-ს და ისაუბრონ იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს.
„შედგა ახალი პაპის ინაუგურაცია. მაღალი დონის სტუმრები ესწრებოდნენ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში დელეგაციასთან ერთად. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მივსალმებოდით ახალ პაპს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გვექნება შესაძლებლობა, გვქონდეს შეხვედრა, ვისაუბროთ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის. გვექნება შესაძლებლობა, ახალ პაპთან ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს საქართველოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.