მნიშვნელოვანისიახლეები

ყაველაშვილის თქმით მაღალი საფრთხის გამო ,,უკრაინაში ომი არ დასრულდება,,

ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა. კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ყაველაშვილის განცხადებით, საფრთხე მანამდე იქნება, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება.
“საფრთხე კვალავ მაღალი იქნება, სანამ, ჩემი აზრით, უკრაინაში ომი არ დასრულდება და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომში ჩართვის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა. ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები, გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს,” – განაცხადა ყაველაშვილმა.

სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ღირებულებების თანხვედრა აძლევს რწმენას, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებმა და მისმა გამოძახილმა მსოფლიოში კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ხალხი, რამდენად სწორ პოლიტიკასა და ღირებულებებს ატარებს ქართული სახელმწიფო. სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება – სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხვედრა მაძლევს ღრმა რწმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button