კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავით აქიაშვილმა, ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს მამა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც საბა ჟღენტი ხელის არეში დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

გავრცელებულ ინფორმაციას, ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირის დაჭრასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გამოეხმაურა არქიმანდრიტი საბა ჟღენტი.

იგი უარყოფს, რომ სასულიერო პირმა დაჭრა. მისი თქმით, დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ამით “გულნატკენია”.

“მე მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ, დაუჭრელი და ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს”, — განაცხადა სასულიერო პირმა TV პირველის ეთერში.

არქიმანდრიტის თქმით, მან არც ის იცის, თუ რატომ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტზე იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის მუხლით გამოძიება.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ოპერაცია, საიდან ამოიღო ის იარაღი, ვის ჰქონდა იარაღი, მე არ ვიცი. შსს ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრგან აქვს იარაღი ამოღებული, მე რომ ეგ ყველაფერი ინფორმაცია მქონდეს, მაშინ ტაძრის წინამძღვარი კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვიქნები და მეცოდინებოდა რომელი იარაღი საიდან ამოიღეს და რა მუხლით ამოიღეს”, — განაცხადა სასულიერო პირმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button