ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად დაცულია

მედიის ცნობით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად დაცულია. ღამის განმავლობაში სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა. თუმცა, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ გამთენიისას ერთ-ერთი სოფლის მისამართით ტაჯიკეთის მხრიდან ცეცხლი გახსნეს, რასაც ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება პარასკევს დილიდან დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება 24 ადამიანის დაღუპვაზე და 87 დაჭრილზე. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი, კამჩიბეკ ტაშიევი ამბობს, რომ სროლა ამ ეტაპზე შეწყვეტილია, მაგრამ ვითარება კრიტიკული რჩება. მისი თქმით, მსხვერპლის უმრავლესობა სამხედრო პირია.
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა ორივე მხარეს, შეტაკებები განხორციელდა მძიმე არტილერიით და, გავრცელებული ინფორმაციით, ტაჯიკეთის ერთ-ერთ სოფელზე დრონებით იქნა მიტანილი იერიში.
მსხვერპლის შესახებ ცნობები გავრცელდა მას მერე, რაც ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერებმა 16 სექტემბრის დილით გამოაცხადეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და სამხედროებს გასვლა უბრძანეს კამათის საგნად ქცეული სასაზღვრო არეალებიდან.
ყირგიზეთის მხარეს დანაკარგების შესახებ ცნობები გავრცელდა მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთის სოფელ ოვჩი-ყალაჩაში მეჩეთზე იქნა მიტანილი იერიში ყირგიზეთის დრონით, ცნობა დაადასტურა ადგილზე მყოფმა ხელისუფლების წარმომადგენელმაც.
ტაჯიკეთის ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობას არ ასახელებს. თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით წერს, ტაჯიკეთის მხარეს მოკლულია სულ მცირე შვიდი ადამიანი.
ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, რომ ტაჯიკეთმა ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავება სცადა. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით კი, ყირგიზეთმა რამდენიმე სოფელი ვერტმფრენებიდან და დრონების გამოყენებით დაბომბა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით წერს, ორივე ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს დღესაც აგრძელებენ.