მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები აგვისტოს ომის შესახებ სტრაზბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ საერთაშორისო სამართალი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სიმართლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე მორიგი საეტაპო გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სიმართლეს. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს! – წერს ზურაბიშვილი.

2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ქართველი გმირების დამსახურებაა.

„2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება.

ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა. ჩვენ კი მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ.

ჩვენ უახლოეს თვეებში, წლებში და ათწლეულებში ბევრად მეტად დაგვჭირდება დასავლეთში ინტეგრაცია.

თუმცა, რაც მთავარია, ქართველებს მინიმალური ერთობა გვჭირდება!“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button