ყოფილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

კახეთში, ყოფილი პოლიციელის, ბექა აბულაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის მამაკაცი დააკავეს – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

გამოძიების მტკიცებით, “ბრალდებულმა 23 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 სთ-ზე, თავის მართვის ქვეშ მყოფი, „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით, თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, სახლში მიაკითხა ყოფილ პოლიციელ ბექა აბულაძეს და ქუჩაში გასვლა სთხოვა. დაკავებულმა შურისძიების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილ ბექა აბულაძეს 5 წლის წინ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ბექა აბულაძის პოლიციურ საქმიანობას არ უკავშირდება.

სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავის რაიონის სოფელ ოჟიოში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს”, – განაცხადეს შსს პრესსამსახურში.

მსგავსი პოსტები

Back to top button