,,ყოყმანი დამთავრდა,,- ელისაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეა.
TV პირველის ეთერში მან თქვა, რომ ამ თემაზე “ყოყმანი დაასრულა მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დაიჭირეს”.
ის ამბობს, რომ ყოველთვის იდგება პოლიტიკური პარტნიორების გვერდით და აღნიშნავს, რომ “შევა ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც რომ იყოს, რადგან ეს ხალხი [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე] ამ პოზიციაზე იდგა.
„ხან ვფიქრობდი, რომ სწორი იყო, უბრძოლველად დათმობა არაფრის არ შეიძლება და მეთქი, ხომ არ შევიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში, მეორეს მხრივ ვფიქრობდი, რომ აბსოლუტურად წაგებულ თამაშში როგორ შევიდეთთქო და რომ გამოვალ და ვიტყვით მერე – გაგვიყალბეს, გაგვიყალბეს. ამაში ვყოყმანობდი. ჩემი ყოყმანი დამთავრდა იქ, როდესაც ხელბორკილები დაადეს ბადრის და მამუკას.
მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს. მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ. ეს ხალხი იძახდა, ბადრიც და მამუკაც, რომ მოდი, ვიმსჯელოთ. ეს მოდი ვიმსჯელოთ, რატომღაც ჯოჯოხეთია ჩვენ ერში. რა გახდა, რომ დავსხდეთ. კი ბატონო, შენ არ მოგწონს, მეც შინაგანად ხან ვეთანხმებოდი, ხან არა. ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა, რომ სწორი იყო. პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი. ხან მეგონა რომ ასე იყო სწორი, ხან ისე… ახლა ვარ ამ პოზიციაზე, რადგან ის ხალხი, ვინც არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, არიან ციხეში. მათ გვერდზე ვდგავარ და ვიდგები. მჯერა, არ მჯერა, მორჩა, გათავდა. მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც, რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.