მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყოველ 10 წუთში 1 ბავშვი კვდება- რა ხდება ისრაელში დღეს

იზრდება საერთაშორისო ზეწოლა ისრაელზე, მათ შორის უახლოესი მოკავშირის, აშშ-საგან, მოთხოვნით, მეტ ძალისხმევას მიმართოს სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის ზრდისა და საავადმყოფოების მახლობლად და მათ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე.

ღაზის სამედიცინო სფეროს მუშაკთა მონაცემებით, ბოლო ხუთ კვირაში ღაზის სექტორში დახოცილ მოქალაქეთა რიცხვმა 11 ათასს მიაღწია.
ღაზის სექტორში, საშუალოდ, ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე ღაზის სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა განიხილებოდა.

„ღაზაში არავინ და არსადაა უსაფრთხოდ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ღაზის 36 საავადმყოფოდან – ნახევარი და პირველადი სამედიცინო ცენტრების სამი-მესამედი არ ფუნქციონირებს, ხოლო ისინი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, პაციენტების ნაკადს ვერ აუდიან.

„საავადმყოფოების დერეფნები სავსეა დაშავებულებით, ავადმყოფებით, მომაკვდავებით. მორგები გადატვირთულია. ქირურგიულ განყოფილებებში არ არის ანესთეზია. ათობით ათასი გადაადგილებული პირი აფარებს თავს საავადმყოფოებს“, – განუცხადა გებრეისუსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჯანდაცვის ობიექტებზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასს“ საავადმყოფოების ქვეშ გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

გაერო-ში ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ისრაელმა სამუშაო ჯგუფი შექმნა ღაზის სამხრეთ ნაწილში საველე საავადმყოფოების მოსაწყობად.

„ისრაელი აწარმოებს მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, წითელ ჯვართან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან საველე საავადმყოფოებისა და მცურავი გემი-ჰოსპიტლების მოსაწყობად. ისრაელმა ხელი შეუწყო ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოებში იორდანიიდან სამედიცინო დახმარების მიწოდებას“, – განაცხადა გილად ერდანმა.

მისი თქმით, ისრაელი ბევრად მეტს აკეთებს ღაზის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან გაერო-ს რომელიმე სხვა ორგანო.

10 ნოემბერს, ინდოეთში ვიზიტად ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ძალიან ბევრი პალესტინელი იქნა მოკლული, ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირების განმავალობაში“, – ეს იყო მისი ყველაზე მძაფრი განცხადება დღემდე ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ჯვარედინ ცეცხლში აღმოჩნდნენ.

იქვე ბლინკენმა მხარი დაუჭირა ისრაელის ოპერაციას, რომლის მიზანია, რომ ღაზა აღარ გახდეს ტერორიზმის პლატფორმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეწყვიტოს. ის აცხადებს, რომ დაბომბვას “არანაირი გამართლება” არ აქვს და ცეცხლის შეწყვეტა ისრაელს სარგებელს მოუტანს.

BBC-სთან ინტერვიუში ის აღიარებს ისრაელის უფლებას საკუთარი თავი დაიცვას, თუმცა მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კითხვაზე, სურს თუ არა, რომ სხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის, ჩაერთონ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებში, მაკრონი პასუხობს, რომ ამას იმედოვნებს. მაკრონმა აქვე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ტერორისტული ჰამასის ქმედებებს.

“ეს ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ისრაელს მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს”, – განაცხადა მან.
„დანაშაულები, რომლებსაც „ჰამასი“ დღეს ღაზაში სჩადის, ხვალ ჩადენილი იქნება პარიზში, ნიუ-იორკსა და მსოფლიოს სხვა ადგილას“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა პარიზში 9 ნოემბერს ღაზის საკითხზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციას უმასპინძლა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
ემანუელ მაკრონის განცხადებებს გამოეხმაურნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში და აღნიშნეს, რომ ქვეყნებმა უნდა დაგმონ „ჰამასი“ და არა – ისრაელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button