ყვარლის მოხუცთა სახლში მცხოვრებ ქალებს 8 მარტი გუბერნატორმა მიულოცა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/YVARELI-MOXUCEBI.jpg)
ქართველი ემიგრანტის დაარსებულ მოხუცთა სახლში მცხოვრებ ქალებს, 8 მარტი კახეთის გუბერნატორმა მიულოცა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციარებს ყვავილების თაიგული და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
” მოხუცთა სახლები კახეთში ბევრი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრები ადამიანები მუდმივად გრძნობდნენ ჩვენს ყურადღებას. ამიტომ გადავწყვიტე, სწორედ ამ ქალბატონებთან გამეტარებინა დღევანდელი დღე”- განაცხადა შიოშვილმა.
სოფელ გრემის მოხუცებულთა სახლი, ყვარლის მუნიციპლიტეტში, რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს.
თავშესაფრის დამაარსებელი, ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ანა ბალამწარაშვილია. ბალამწარაშვილი ემიგრაციაში 27 წელი ცხოვრობდა და მოხუცთა სახლის პროექტი გრემში, მეგობართან ერთად განახორციელა.
ის ამავდროულად, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტია.
დღევანდელი მდგომარეობით, გრემის მოხუცებულთა სახლში კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ხუთი ბენეფიციარი ქალი ცხოვრობს.